„წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს. აღიარებს, რომ ნამდვილად მონაწილეობდა ინციდენტში, რაც მოხდა რესტორანში, თუმცა ამბობს, რომ მხოლოდ ის არ მონაწილეობდა, მასობრივ ჩხუბს ჰქონდა ადგილი და სამუშია ამ ინციდენტის მსხვერპლია. თვითონ არის ნაცემი და დაზარალებული. მან გამოიყენა სხვისი დანა, რომელიც ძირს დაგდებული იპოვა. თუმცა, არ ვიცით ამ ეტაპზე დაჭრა თუ არა ვინმე. ის დანას თავდაცვის მიზნით იქნევდა", - აცხადებს საბა სამუშიას ადვოკატი, ირმა შალამბერიძემ.
მისი განმარტებით, საქმეში მეორე დანაც ფიგურირებს.
გაასაჩივრებს თუ არა, დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის შეფარდებას, ამ დროისთვის უცნობია.
საბა სამუშიას ბრალი სამი მუხლით - 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება), 118-ე მუხლის მესამე ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება) და 239-ე მუხლის მესამე ნაწილით (ხულიგნობა, ჩადენილი ცეცხლსასროლი იარაღის ან იარაღად სხვა საგნის გამოყენებით) აქვს წარდგენილი.
ცნობისთვის,18 იანვარს თბილისში, გმირთა მოედანზე, რესტორან „აღაში“ სამი ადამიანი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, დაჭრის ფაქტს წინ უძღოდა ურთიერთშელაპარაკება და ფიზიკური დაპირისპირება.
მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცავებმა 18 წლის მომღერალი, საბა სამუშია დააკავეს, რომელიც არსებული ინფორმაციით, დავით კენჭიაშვილის ჯგუფის მუსიკოსია.
რაც შეეხება დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცს, ის ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე რჩება.