როგორც პროკურორმა ხათუნა კუსრაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეს მცდელობა სამართალდამცველების მიერ აღიკვეთა, თუმცა არსებობს კვლავ ახალი დანაშაულის და ასევე მიმალვის საფრთხეები, რის გამოც ბრალდებულის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, პატიმრობით უნდა შეიცვალოს.
"როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოში, ასევე აქაც ბრალდების მხარე ითხოვს პატიმრობას, საქმიდან გამომდინარე, ფორმალური და ფაქტობრივი გარემოებებით და ფორმალური საფუძვლებით. საქმეშია ყველა მტკიცებულება, რაც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მან დანაშაული ნასვამ მდგომარეობაში ჩაიდინა და გვაქვს ლეგიტიმური მოლოდინი, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლო შეცვლის გამოყენებულ აღკვეთის ღონისძიებას, ვინაიდან ბრალდებულმა დანაშაულის ჩადენისას მიმალვა სცადა, თუმცა ეს საფრთხე აღიკვეთა", - განაცხადა ხათუნა კუსრაშვილმა.
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ ერთი სამართალდამცველისა და კლუბ "ბასიანის" დაცვის ორი წევრის დაჭრაში ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
მთავარმა პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მოითხოვა, თუმცა, სასამართლო პროცესზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.