„იმის გათვალისწინებით, რომ ის მის ქმედებას აღიარებს, სამართალდამცავ ორგანოებთან ითანამშრომლობს და გამოძიებას არ დაემალება, სასამართლომ ერთადერთი, სწორი გადაწყვეტილება მიიღო“, - განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენს“ 3 პირის, მათ შორის, პოლიცელის დაჭრაში ბრალდებულის, 27 წლის თამაზ ქვლივიძის ადვოკატმა, ზაზა მესხმა.
მისი განმარტებით ქვლივიძის გათავისუფლება კანონის საფუძველზე მოხდა.
„ქვლივიძის გათავისუფლება კანონის საფუძველზე მოხდა. მისთვის ეს არის პირველი შემთხვევა, მას სამართალდამცავ ორგანოებთან პრობლემა არ ჰქონია. გამოძიება მიმდინარეობს, ეს საბოლოო გადაწყვეტილება არ არის. თანხა, რაც ქვლივიძის ოჯახმა გადაიხადა, ის ოდენობაა რომ ის გამოძიებას არ დაემალოს და ითანამშრომლოს ჭეშმარიტების დასადგენად.
სასამართლომ კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო. თუ ვინმეს ეჭვი ეპარება, ეს სასამართლოს ხელისუფლების საქმიანობაში უხეში ჩარევაა.
დაზიანებები ნაკლებად მძიმეა, როგორც ნცობილია, ეს დაზიანებები გაშველების დროს, ხელის ქნევაზეა მიღებული. როცა ვინმეს ადამიანის მოკვლა აქვს განზრახული, ყველა ჭრილობა შემავალია. ამ ჭრილობებიდან კი არცერთია შემავალი, მას არავისთვის დაურტყამს დანა, რომ რაიმე სახის დაზიანება მიეყენებინა, ან მოეკლა. მას ასეთი განზრახვა არ ჰქონია. ის აღიარებს, ოდნავ ნასვამი იყო, რადგან ძველითახალი წლის ღამე იყო და ბარში შესვლა უნდოდა“, - აცხადებს მესხი.
გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ქვლივიძის ოჯახმა პირადი კონტაქტები გამოიყენა და სწორედ ამის საფუძველზე მოხდა 3 პირის დაჭრაში ბრალდებულის გათავისუფლება, ადვოკატი პასუხობს, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება.
„არ მგონია, დღევანდელ დღეს სასამართლო ვინმეს გავლენის ქვეშ იყოს. სწორედ იმის გამო, რომ სასამართლო გათავისუფლებულია ყოველგვარი ზეწოლისგან და გავლენებისგნ, სწორი გადაწყვეტილება გამოიტანა“, - აცხადებს მესხი.
შეგახსენებთ, რომ თამაზ ქვლივიძე 13 იანვარს, კლუბ „ბასიანში“ დაცვის ორი თანამშრომლისა და დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მე-4 განწყოფილების უფროსის მოადგილის დაჭრაშია ბრალდებული. მან სამივე პირს ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენა.
არსებული ინფორმაციით, ქვლივიძემ თავდაპირველად „ბასიანის“ დაცვის უფროსს, 5 შვილის მამას, ზვიად მესხს მიაყენა ჭრილობები. ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ბრალდებული სამართალდამცავემა მალევე დააკავეს, თუმცა, თბილისის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის სანაცვლოდ 30 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა და გაათავისუფლა.
აღნიშნული გადაწყვეტილება პროკურატურამ საალეპაციო სასამართლოში გაასაჩივრა.
არსებული ინფორმაციით ქვლივიძე კლუბში მეგობართან, მიხეილ სვანიძესთან ერთად იმყოფებოდა, რომელიც სასამართლომ ადმინისტრაციული მუხლით გაათავისუფლა.
მოსამართლე, რომელმაც სამი მუხლით ბრალდებული თამაზ ქვლივიძის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო, 37 წლის ბადრი შონიაა, რომელიც 2011 წლის ნოემბრიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლეა.
ის მონაწილეობდა ისეთ გახმაურებულ საქმეებში, როგორიცაა ე.წ. ციანიდის, ივანე მერაბიშვილის, ბანკი "ქართუს" გაკოტრების, "რეპერების საქმე", იგი ასევე გახლდათ 7 ნოემბრის საქმეზე უგულავას, ადეიშვილის, კეზერაშვილისა და მერაბიშვილის საქმის მოსამართლე, თუმცა ამ უკანასკნელს ჩამოშორდა. ცნობილია ისიც, რომ ბადრი შონია თავის დროზე საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს მამუკა ახვლედიანს დაუპირისპირდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულ ქვლივიძეს ბრალი წარედგინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე (117-ე მუხლის 1-ლი ნაწილი) და განზრახ ნაკლებად მძიმე (118-ე მუხლის 1-ლი ნაწილი) დაზიანებისთვის, აგრეთვე პოლიციის მიმართ წინააღმდეგობისთვის. სსკ-ის 117-ე მუხლი სამიდან ექვს წლამდე, 118-ე მუხლი - ერთიდან სამ წლამდე, ხოლო 353-ე მუხლი ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თამაზ ქვლივიძე ბიზნესმენ პაატა ქვლივიძის შვილია. პაატა ქვილივიძე „თბილგვირაბმშენის“ უფროსია.
,,ადამინის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" ბრალდებულის გათავისუფლების კანონიერების შესწავლას გეგმავს.