ამ დრომდე დაუდგენელია ყოფილი დეპუტატის, გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის მოტივი. საქმის გარშემო ვერსიები თითქმის არ არსებობს, რადგან ჩაცხრილული გენერლის მეგობრები უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ის ე.წ. სტამბოლის ბაზრის წილის გაყიდვასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებდა.
ბაზრის მოვაჭრეები გამორიცხავენ იმ ვერსიასაც, რომ ქუთათელაძეს მეწილეებთან დაპირისპირება ჰქონდა.
საქმეზე სამართალდამცავები სავარაუდოდ, შეკვეთილი მკვლელობის ვერსიით იმუშავებენ.
ქუთათელაძის ცხედარი ტაბახმელაში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში უკვე გადაასვენეს. გარდაცვლილს რუსთავის პროზექტურაში რამდენიმე საათის განმავლობაში ექსპერტიზას უტარებდნენ.
არსებული ინფორმაციით, მოკლულ გენერალს სხეულზე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული 5-6 ჭრილობა აღენიშნება.
გვიან ღამემდე გაგრძელდა რუსთავის ე.წ სტამბოლის ბაზრის თანამშრომლების გამოკითხვა რუსთავის პოლიციის მთავარ სამმართველოში.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული გვარდიის ყოფილი სარდალი საკუთარ კაბინეტში ჩაცხრილული გუშინ იპოვეს. გენერალი ქუთათელაძე ქალაქ რუსთავის ე.წ. სტამბოლის ბაზარში მდებარე ოფისში მოკლეს.
თავდასხმა დაახლოებით, 18:00 საათზე, იმ დროს მოხდა, როდესაც ბაზრობის თანამშრომლები ჯერ კიდევ ადგილზე იყვნენ და სავაჭრო ობიექტები ღია იყო. ამის მიუხედავად არც გასროლის ხმა და არ საეჭვო გადაადგილება ქუთათელაძის კაბინეტთან არავის შეუნიშნავს. ცხედარი დაცვის თანამშრომელმა იპოვა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 108-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობასა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო მიზნით შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
ცნობისთვის, გენერალი ქუთათელაძე იყო მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი, ეროვნული გვარდიის სარდალი და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დეპარტამენტის უფროსი.
გენერალი ქუთათელაძე მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, ასევე სამშვიდობო ოპერაციებში ერაყში. იყო ბრიგადის გენერალი, მინიჭებული ჰქონდა აშშ-ის არმიის გენერალ-მაიორის საპატიო წოდება, ასევე საჩხერის საპატიო მოქალაქის წოდება.