კიევის ყოფილი მერი ლეონიდ ჩერნოვეცკი ვერ ახერხებს საქართველოში დაბრუნებას, სადაც ის უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში ცხოვრობს და ემალება უკრაინულ მართლმსაჯულებას. ამის შესახებ ჩერნოვეცკი საკუთარ facebook გვერდზე წერს.
„ყველაზე ლამაზი ქვეყანა მსოფლიოში და ყველაზე სტუმართმოყვარე ადამიანები. ვწუხვარ, რომ პირადად ლუცენკოს მხრიდან სისხლის სამართლებრივი დევნის გამო არ შემიძლია საქართველოში ჩასვლა. არაუშავს! ღმერთი ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს: ლუცენკოს დიდი დრო არ დარჩენია თავისუფლად სეირნობისთვის, იმის გამო, რაც მან უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ჩაიდინა. მე არ ვითვლები“, - დაწერა რამდენიმე საათის წინ ჩერნოვეცკიმ.
შეგახსენებთ, უკრაინის სასამართლომ კიევის ყოფილი მერის, ლეონიდ ჩერნოვეცკის დაკავების ნებართვა გასცა. პროკურატურის ცნობით, კიევის ყოფილ მერს ლეონიდ ჩერნოვეცკის ჯერ კიდევ 2017 წლის 14 ივლისს შეატყობინეს, რომ ის სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაშია ეჭვმიტანილი. ჩერნოვეცკის გამოძიება არასამართლებრივი სარგებლის მიღების მიზნით უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.
აღსანიშნავია, რომ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, 12 იანვარს უკრაინაში ერთმანეთს შეხვდნენ უკრაინის გენერალური პროკურატური იური ლუცენკო და საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე, გიორგი გოგაძე.
„ღონისძიების დროს მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის ყველაზე აქტუალური საკითხები განიხილეს. კერძოდ, სისხლის სამართლის წარმოებისა და ექსტრადირების დროს საერთაშორისო-სამართლებრივი დახმარების კუთხით“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.