მერიის ყოფილი თანამშრომელი ოთარ აბესაძე სასამართლო დარბაზიდან, 10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
საქალაქო სასამართლოში პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. დახურვის შუამდგომლობა დაცვის მხარემ, ბრალდბულის პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით დააყენა.
ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გირაოთი მოსამართლე ნინო ნაჭყებიამ შეუცვალა.
როგორც პროცესის დაწყებამდე მისმა ერთ-ერთმა ადვოკატმა, ნონა ფილაურმა აღნიშნა, დაცვის მხარე სასამართლოს წინაშე ექსპერტიზის ახალ დასკვნას წარადგენდა.
უფლებადამცველის თქმით, დეპუტატებიც მზად იყვნენ აბესაძეს თავდებში დადგომოდნენ, თუმცა ადვოკატს არ დაუკონკრეტებია დეპუტატების არც ვინაობა და არც რაოდენობა.
ცნობისთვის, ოთარ აბესაძის გათავისუფლების მოთხოვნით პეტიციას ხელს 1000 ადამიანი აწერს.
შეგახსენებთ, მერიის ყოფილი თანამშრომელი ოთარ აბესაძე ქრთამის აღების ბრალდებით სუს-მა დააკავა. გამოძიების თანახმად, აბესაძემ მდინარე მტკვარზე, გარკვეული კონსტრუქციის აშენებისთვის საჭირო ნებართვის მისაღებად და ნებართვის მიღებამდე მშენებლობის წარმოების მფარველობის სანაცვლოდ მოქალაქეს 3 ათასი დოლარი ქრთამის სახით გამოართვა.
