„მოწმემ დეტალურად აღწერა, რა ვითარებაში მოხდა კობა დავითაშვილის გატაცება და ვისგან მიიღო მან დავალება“, - ამის შესახებ ზურაბ ადეიშვილის საქმის პროკურორმა აკაკი ტყეშელაშვილმა განაცხადა.
როგორც პროკურორი განმარტავს, დღეს დაიკითხა ფინანსური პოლიციის ყოფილი სპეცრაზმელი, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა კობა დავითაშვილის გატაცებაში.
„მოწმის ჩვენების მიხედვით, მან დავალება სპეცრაზმის ხელმძღვანელის, ედიშერ კობახიძისგან მიიღო, დაკითხული გვყავს ქარჩავაც, რომელმაც თქვა, რომ დავალება ფინანსური პოლიციის უფროსისგან, დავით ქარსელაძისგან მიიღო, დაკითხული გვყავს დავით ქარსელაძეს, რომელიც უთითებს, რომ კობა დავითაშვილის გატაცების დავალება ზურაბ ადეიშვილისგან მიიღო, შესაბამისად, ის ჩვენთვის მნიშვნელოვანი მოწმეა. დავით ქარსელაძეც პასუხისგებაშია მიცემული და მასაც, როგორ ზურაბ ადეიშვილს თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ორგანიზებას ვედავებით. მის მიმართ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი და ცნობილია დამნაშავედ, კობა დავითაშვილის მიმართ განხორციელებულ დანაშაულში“, - განაცხადა პროკურორმა.
შეგახსენებთ, რომ ზურაბ ადეიშვილს სახელმწიფო ბრალდება თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ორგანიზებას და ასევე, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავება. ბრალდების მხარე მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზეა. შემდეგი პროცესი 5 თებერვალს ჩაინიშნა.