ტერორიზმის ხელშეწყობაში ბრალდებულ ზურაბ იდოიძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძების სახით პატიმრობა შეუფარდა.
სახელმწიფო ბრალდება იდოიძისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, დაცვის მხარე კი, ითხოვდა ბრალდების შუამდგომლობა არ დაკმაყოფილებულიყო და იდოიძე აღკვეთის ღონისძების გარეშე დარჩენილიყო.
რაც შეეხება ბრალს, როგორც ზურაბ იდოიძის ადვოკატმა დავით მოდებაძემ განმარტა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს და მას არ აქვს უფლება საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე ისაუბროს, მათ შორის იმაზე, იცნობდა თუ არა ზურაბ იდოიძე ახმედ ჩატაევს. ადვოკატის თქმით, გამოძიებას დღეის მდგომარეობით არ აქვს შეგროვებული მტკიცებულებათა ერთობლიობის ის სტანდარტი, რაც აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გამოყენების საფუძველი შეიძლება გამხდარიყო.
შეგახსენებთ, რომ ზურაბ იდოიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 2018 წლის 9 იანვარს ახმეტაში დააკავა. სოფელ ომალოში მის კუთვნილ სახლში ჩხრეკა ჩატარდა. როგორც სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ დაკავებული ზურაბ იდოიძე, ზურაბ გორნაკაშვილთან ერთად ჩავიდა თურქეთის ქალაქ ხოფაში ახმედ ჩატაევის და მისი დაჯგუფების წევრების დასახმარებლად. დაკავებულმა, ზურაბ გორნაკაშვილთან ერთად ახმედ ჩატაევი და მისი დაჯგუფების წევრები ხოფაში, მათი დროებითი საცხოვრებელი ბინიდან მანქანით მიიყვანა თურქეთ-საქართველოს საზღვართან, კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლის მონაკვეთამდე.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 331-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტერორიზმის დაფინანსებას, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერას ან რესურსებით უზრუნველყოფას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. სასჯელის ზომად 17-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.