ტერორიზმის ხელშეწყობაში ბრალდებულ ზურაბ იდოიძისთვის აღკვეთის ღონისძების შეფარდებაზე სასამართლო დღეს, 14:00 საათზე იმსჯელებს.
სახელმწიფო ბრალდება იდოიძისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს, დაცვის მხარე კი, აღკვეთის ღონისძების არცერთი სახის გამოყენებას არ ეთანხმება.
„დღეს აღკვეთის ღონისძიების საკითხი განიხილება. ბრალდების მხარე პატიმრობას ითხოვს. ვინაიდან, ჩვენ თავს დამნაშავედ არ ვცნობთ, იდოიძის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ვითხოვთ. თუმცა, ბრალდების მხარის შუამდგომლობა არის თუ არა დასაბუთებული, არ ვიცი, არ მინახავს, პროცესზე გავეცნობი და შესაბამისად გავაკეთებ განცხადებას. თუმცა, ზუსტად ვიცი, რომ აღკვეთის ღონისძიებას არცერთ სახეს არ ვეთანხმებით და არც ვითხოვთ“, - განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენს“ ზურაბ იდოიძის ადვოკატმა, დათუნა მოდებაძემ.
შგახსენებთ, რომ ზურაბ იდოიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 2018 წლის 9 იანვარს ახმეტაში დააკავა. სოფელ ომალოში მის კუთვნილ სახლში ჩხრეკა ჩატარდა. როგორც სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ დაკავებული ზურაბ იდოიძე, ზურაბ გორნაკაშვილთან ერთად ჩავიდა თურქეთის ქალაქ ხოფაში ახმედ ჩატაევის და მისი დაჯგუფების წევრების დასახმარებლად. დაკავებულმა, ზურაბ გორნაკაშვილთან ერთად ახმედ ჩატაევი და მისი დაჯგუფების წევრები ხოფაში, მათი დროებითი საცხოვრებელი ბინიდან მანქანით მიიყვანა თურქეთ-საქართველოს საზღვართან, კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლის მონაკვეთამდე.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 331-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტერორიზმის დაფინანსებას, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერას ან რესურსებით უზრუნველყოფას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. სასჯელის ზომად 17-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს