ავსტრიის მთავრობა თემირლან მაჩალიკაშვილის სამკურნალოდ მიღებაზე უარის თქმის მიზეზს განმარტავს. ,,საზოგადოებრივის“ ინფორმაციით, ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრი ჰერბერტ კიკლი აცხადებს, ტერორისტის პოტენციური დამხმარის ქვეყანაში შემოშვებაზე უსაფრთხოების გამო თქვეს უარი.
„ჩვენ ვგრძნობდით, რომ ავსტრიაში ტერორიზმში ეჭვმიტანილის ჩამოსვლა ძალიან სარისკო იყო. ვენაში მაჩალიკაშვილის მკურნალობა ავსტრიის შიდა უსაფრთხოებისთვის დიდი საფრთხე იქნებოდა“, – აღნიშნა ჰერბერტ კიკლმა.
ავსტრიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, არსებობდა დიდი რისკი, რომ განხორციელდებოდა მაჩალიკაშვილის გათავისუფლების მცდელობა ან თავდასხმა, რაც შესაძლოა მსხვერპლით დასრულებულიყო.
ამას გარდა, გამოცემა წერს, რომ 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი არ ყოფილა „ისლამური სახელმწიფოს“ უწყინარი წევრი. ის ტერორისტების ლიდერის აჰმედ ჩატაევის სავარაუდო დამხმარე იყო.
გავრცელებული ცნობით, ეჭვმიტანილი ჩატაევს იარაღის მიწოდებაში ეხმარებოდა.
წარმოშობით ჩეჩენი ჩატაევი რვა წლის განმავლობაში ვენაში ცხოვრობდა, სხვადასხვა სპეცსამსახურებმა ის სტამბოლის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის ორგანიზატორად დაასახელეს.
„რა თქმა უნდა, ტერორისტების პოტენციური დამხმარე ქვეყანაში ვერ შემოვა. უსაფრთხოების მიზნებით, ჩვენ ვეუბნებით მკაფიო არას ავსტრიაში ტერორიზმში ეჭვმიტანილების შემოსვლას, ეს ეხება მკურნალობის მიზნით ჩამოსვლასაც“, – განაცხადა ჰერბერტ კიკლმა.
პანკისში, სოფელ დუისში სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკაში გარდაიცვალა. მანამდე მაჩალიკაშვილის მიღებაზე რამდენიმე უცხოურმა, მათ შორის ავსტრიის, თურქეთისა და გერმანიის კლინიკებმა თქვეს უარი.