„პაატა ბურჭულაძე ჩვენებას აუცილებლად სასამართლოში მისცემს, რადგან ფიქრობს, რომ ფონდ „იავნანასთან“ დაკავშირებული პროცესები, ასე უფრო გამჭირვალედ წარიმართება“, - განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენს“ ბურჭულაძის ადვოკატმა, სოსო ბარათაშვილმა.
ბურჭულაძე სასამართლოში დღეს უნდა დაკითხულიყო, თუმცა, გამომძიებლის შვებულებაში ყოფნის გამო, პროცესი თებერვლის შუა რიცხვებამდე გადაიდო.
ადვოკატის განმარტებით, თუ რა სახის ინფორმაციას მიაწვდის სასამართლოს დაკითხვაზე დაბარებული ბურჭულაძე, დამოკიდებულია იმაზე, თუ რა კითხვები ექნებათ მასთან.
„ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა შეკითხვებს დაუსვამენ. ალბათ, შეკითხვები ფონდ „იავნანას“ შეეხება. არავითარი ბრალდება არ არსებობს, საქმე ჯერ ძიების პროცესშია. ბურჭულაძე დარწმუნებულია, რომ ფონდ „იავნანაში“ დარღვევები არ არსებობს. ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები მოიპოვება.
შეგახსენებთ, რომ მთავარმა პროკურატურამ, ფონდ „იავნანას“ ხელმძღვანელი პირების მიერ დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტზე გამოძიება 20 სექტემბერს დაიწყო.