რუსეთი და სხვა ქვეყნები ცდილობენ ძირი გამოუთხარონ საარჩევნო პროცესს აშშ-ში, - განაცხადა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის დირექტორმა, მაიკ პომპეომ.
ტელეკომპანია სიბიეს-თან ინტერვიუში პომპეოს არ უთქვამს, ვის გულისხმობდა სხვებში და მხოლოდ ის განაცხადა, რომ აშშ-ს ჰყავს ბევრი მტერი, რომელსაც სურს ძირი გამოუთხაროს დასავლურ დემოკრატიას. პომპეოს თქმით, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო გააგრძელებს არჩევნების უსაფრთხოებისა და დემოკრატიულობის უზრუნველყოფას და მოქმედებას მათ წინააღმდეგ, ვინც ამას ემუქრება.
ამერიკული სპეცსამსახურების დასკვნით, რუსეთი დონალდ ტრამპის სასარგებლოდ ჩაერია 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში და ეს ჩარევა გამოიხატებოდა პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატის, ჰილარი კლინტონის ელექტრონულ ფოსტაში შეღწევით და სოციალური ქსელებით პროპაგანდის წარმოებით.
2018 წლის ნოემბერში დაგეგმილია კონგრესის წარმომადგენელა პალატის სრული შემადგენლობის და სენატის წევრთა მესამედის არჩევნები. ამჟამად კონგრესის ორივე პალატაში უმრავლესობას რესპუბლიკელები ფლობენ.