ამერიკის სახელმწიფო მდივანი ირწმუნება, რომ პრეზიდენტის ფსიქიკურ ჯანმრთელობაში ეჭვი არასდროს შეჰპარვია. საგანგებო განცხადება მან ჟურნალისტ მაიკლ უოლფის წიგნის, „ცეცხლი და მრისხანება ტრამპის თეთრ სახლში“ გამოსვლის შემდეგ გააკეთა. წიგნში ნათქვამია, რომ ტრამპის ქვეშევრდომები პრეზიდენტს პატარა ბავშვად მიიჩნევენ.
ციტატა წიგნიდან: „მის გარშემო მუდმივად უამრავი ხალხი ტრიალებს, მაგრამ ის არც არავის უსმენს და არც არავის უჯერებს. ის პინბოლივითაა. საითაც მოესურვება, იქით ისვრის. ამიტომ, მას პატარა ბავშვად თვლიან.“
წიგნის კომენტირება და ტრამპის ფსიქოლოგიური პორტრეტის აღწერა ტილერსონს ტელეკომპანია CNN-მა სთხოვა.
„ მე მის ფსიქიკურ ჯანმრთელობაში ეჭვი არასდროს შემპარვია. დიახ, ის წინა პრეზიდენტებს არ ჰგავს და ეს ყველასთვის აშკარაა, მაგრამ ვფიქრობ, სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ ხალხმა ის პრეზიდენტად აირჩია,“-აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა.