ტერორიზმის მხარდაჭერის ბრალდებით პანკისის ხეობაში დაკავებული პირების ადვოკატებს გაუთქმელობის პირობა ჩამოართვეს. ამის შესახებ ინფორმაცია „ჯი-ეიჩ-ენს“ ოიაფ ბორზიევის ადვოკატმა, იმედა ქარქაშაძემ დაუდასტურა.
როგორც ქარქაშაძე აღნიშნავს, მას გაუთქმელობაზე ხელი დღეს მოაწერინეს.
„ხელწერილს ხელი დღეს მოვაწერეთ... საჯარო ინტერესი მაინც ვერ გადაწყვიტავს მისი უდანაშაულობა-დამნაშავეობის საკითხს. სასამართლოზე კი, ყველა სამართლებრივ გზას გამოვიყენებთ, ყველაფერს გავაკეთებთ“, - აღნიშნავს იმედა ქარქაშაძე.
საგამოძიებო უწყებაში დაბარებულია ზურაბ გორნაკაშვილის ადვოკატი, ირაკლი ბენიაც.
„ახლა დამირეკეს და მივდივარ, ჯერ არაფერზე მომიწერია ხელი. დეტალებზე მოგვიანებით მოგახსენებთ. ვნახავ, გავერკვევი რა დოკუმენტია და თუ საჭიროდ ჩავთვლი, მოვაწერ ხელს, თუ არა, არ მოვაწერ“, - აცხადებს ბენია.
გაუთქმელობაზე ხელი რუსლან ალდამოვის ადვოკატს, მარიამ კუბლაშვილსაც მოაწერინეს.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, 2017 წლის 26 დეკემბერს 5 პირი დააკავა, აქედან 4 პანკისში, ერთი კი - თბილისში. ყველა მათგანს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას განეიტრალებულ პირებთან კავშირი და მათი დახმარება ედება ბრალად. პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ერთი პირი დაიჭრა.