1-ლი იანვრიდან ძალაში შევიდა კანონი ”საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“, რომელის მოქმედებაც ვრცელდება:
ა) სახელმწიფო მოსამსახურეზე;
ბ) სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირზე;
გ) პოლიტიკური თანამდებობის პირზე;
დ) პროფესიულ საჯარო მოხელეზე (შემდგომ – მოხელე);
ე) ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირზე;ვ) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირზე.
ვ) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირზე.
*აგრეთვე ამ კანონით განსაზღვრულ საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ ყველა სხვა პირზე, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
კანონი აწესრიგებს საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურების, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობის განსაზღვრის საკითხებს, ადგენს შესაბამის პირთა ნახევარ განაკვეთზე მუშაობისას, ღამის საათებში, დასვენების და უქმე დღეებში და ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში საქმიანობისას შრომის ანაზღაურების პირობებს და განსაზღვრავს მათთვის დროებით დაკისრებული ფუნქციების შესრულებისათვის შრომის ანაზღაურების გაცემის წესსა და პირობებს.
კანონი ასევე განსაზღვრავს საბაზო თანამდებობრივი სარგოს მნიშვნელობას და დანიშნულებას, აგრეთვე შრომის ანაზღაურების კომპონენტების - მოხელის სახელფასო დანამატის, საკლასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს გაცემის საფუძვლებს. დგინდება ზოგიერთი შეზღუდვა შრომის ანაზღაურებასა და დასაქმებულთა რიცხოვნობასთან დაკავშირებით.
აღნიშნული კანონით განისაზღვრა კოეფიციენტების კატეგორიები თანამდებობრივი სარგოებისათვის (მათ შორის მუნიციპალიტეტებისთვის), აგრეთვე თანამდებობრივი სარგოს ზედა ზღვრის კოეფიციენტები თანამდებობების მიხედვით.
სახელფასო დანამატი – საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული პირის მიერ ზეგანაკვეთური სამუშაოს ან/და დამატებითი ფუნქციების შესრულებისათვის, მათ შორის, ღამის საათებში, დასვენების/უქმე დღეს და ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში საქმიანობისათვის, განსაზღვრული თანხა;
საკლასო დანამატი – მოხელისათვის „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოხელის კლასის შესაბამისი დანამატი;
ფულადი ჯილდო – მოხელისათვის „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოხელის შეფასების შედეგების შესაბამისად წახალისების საშუალება; საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული პირის (გარდა მოხელისა) მიერ მისთვის დაკისრებული ფუნქციების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის ან/და მის მიერ განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის გათვალისწინებული წახალისების საშუალება;
ქართული ოცნების წევრის, გიორგი კახიანის შეფასებით, აღნიშნული კანონი პრემიებთან დაკავშირებულ ნეგატიურ საკითხებსაც დაარეგულირებს.
„პირველად საქართველოს კანონმდებლობაში გვაქვს კანონი, რომელიც აწესრიგებს შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ საკითხებს, როგორც საჯარო მოხელეებისთვის, ისე უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის. ხელფასებთან , პრემიებთან, დანამატებთან დაკავშირებით, რომელიც ხშირად რეზონანსულია და გარკვეული, ნეგატიური დამოკიდებულება მოჰყვება საზოგადოების მხრიდან. ვფიქრობ, ამ კანონის მიხედვით, სწორედ ეს საკითხი უნდა დარეგულირდეს“, - განაცხადა კახიანმა.
ინფორმაცია უფრო ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://matsne.gov.ge/ka/document/view/3971683