„დიაგნოზთან დაკავშირებული ინფორმაცია კონფიდენციალურია, ვერ ახმოვანებენ, თუმცა, მითხრეს, რომ საოპერაციაოშია შეყვანილი და ამ წუთას ოპერაცია უტარდება. თუ რის ოპერაციას აკეთებენ, ამაზე რომელმა ექიმმაც შეიძლება პასუხი გაგვცეს, საოპერაციო ბლოკშია“, - განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენს“ კალათბურთის გარიგებული მატჩების საქმეზე ბრალდებულის, თემურ დათიკაშვილის ადვოკატმა, თამარ აბესაძემ.
გავრცელებულ ინფორმაციას, რომ დათიკიშვილს შესაძლოა გულზე უტარდებოდეს ოპერაცია, ადვოკატი ვერ ადასტურებს. მისი ინფორმაციით, დკავებული მსაჯი წუხელ გვიან ღამით გახდა შეუძლოდ, რის შემდეგაც სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს.
„წუხელ გვიან ღამით გამხდარა ძალიან ცუდად. ის სასწრაფო წესით გაიყვანეს საკნიდან, მის ცუდად ყოფნას დაუყოვნებელი მოქმედება მოჰყვა. მასთან გუშინ ვიყავი შესული, ნორმალურად იყო, ვისუბრეთ კიდეც, გეგმებიც დავაწყვეთ. არანაირი საეჭვო გარემოება არ ყოფილა, რომ შემემჩნია, ზომებს აუცილებლად მივიღებდი. ყველაფერი იმ სტრესიდანაა გამოწვეული, რაც მან ბოლო პერიოდში მის ცხოვრებაში განვითარებული მოვლენებიდან მიიღო“, - აცხადებს აბესაძე.
შეგახსენებთ, რომ გარიგებული მატჩების საქმეზე კალათბურთის მსაჯები და საკალათბურთო კლუბ "სოხუმის" მწვრთნელები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რამდენიმე კვირის წინ დააკავა. საერთო ჯამში, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე აყვანილია 5 პირი. უფრო კონკრეტულად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები -ზაზა მაჩალაძე, ირაკლი ბერიშვილი და დავით ბერიშვილი, ასევე საკალათბურთო კლუბ "სოხუმი"-ს მწვრთნელი ვაჟა კვარაცხელია და ამავე კლუბის თანამფლობელი - თემურ დათიკაშვილი დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, რამდენიმე მატჩის ჩაწყობის შედეგად ბრალდებულებმა ჯამში 36 ათასი ლარი მიიღეს. დაკავებული 5 პირიდან 2-მა - ირაკლი და დავით ბერიშვილებმა ბრალი აღიარა და გამოძიებასთან თანამშრომლობს. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო, ხოლო დანარჩენ სამ ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა.