„მე არც სასამართლომდე დამიმალავს, რომ ჩემი მხრიდან იყო სიტყვიერი შეურაცხყოფა, თუმცა ეს მოხდა მას შემდეგ, რაც მცემეს და ასევე მომაყენეს სიტყვიერი შეურახყოფა“, - განაცხადა სასამართლო პროცესზე ზვიად რატიანმა.
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ ზვიად რატიანის მხრიდან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე გადაწყვეტილება უნდა გამოაცხადოს.
„კანონით რაც არის გათვალისწინებული ამ ფაქტზე ისეთი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. მხოლოდ სამი მოწმე იყო სასამართლოზე, რომელიც ვიცანი, მაგრამ მონაწილეობდნენ თუ არა ფიზიკურ შეურაცხყოფაში, ვერ გეტყვით“, - განაცხადა რატიანმა.
პოეტის თქმით, მის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაზე პროკურატურა ძიებას აწარმოებს, თუმცა საგამოძიებო ორგანოს, მისი დაზიანებების თაობაზე, ექსპერტიზის დასკვნა ჯერ მიღებული არ აქვს.
შეგახსენებთ, რომ ზვიად რატიანი 24 დეკემბერს, სამართალდამცავებმა თამარ მეფის გამზირზე დააკავეს. მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე და 173-ე მუხლების დარღვევაში ედება ბრალი. რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.