„მას არ ჰქონდა არანაირი მოლოდინი, რომ ჩადენილი აქვს დანაშაული და შესაბამისად უნდა გაიქცეუულიყო“, - განაცხადა სპეცოპერაციისას დაკავებული რუსლან ალდამოვის ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა.
ადვოკატის განცხადებით, ის სასამართლოსგან ალდამოვის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით არასაპატიმრო ღონისძიების გამოყენებას მოითხოვს და აქვე დასძნეს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა და შესაბამისად, არც ბრალს აღიარებს.
„როდესაც ის მოვინახულე, მითხრა, რომ ვერ ხვდება, თუ რა ჩაიდინა. არ აქვს სასჯელის შიში. სხვა დეტალებზე არაფერზე არ გვისაუბრია, მათ შორის არც იმაზე, ჰქონდა თუ არა რაიმე კავშირი ჩატაევთან. ის გაქცევას შეძლებდა და აქედან გამომდინარე, მე მიმაჩნია, რომ ის არ არის დამნაშავე. არ მიმაჩნია, რომ ალდამოვი მიემალება გამოძიებას და ხელს შეუშლის მას. პირიქით, თუ გამოყენებული იქნება აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო, შესაძლებელია, მისი რესურსის გამოყენება გამოძიების ინტერესებისთვის“, - აცხადებს კუბლაშვილი.
შეგახსენებთ, რომ პანკისსა და თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სუსმა 5 პირი დააკავა, რომლებიც აჰმედ ჩატაევის მოკავშირეები იყვნენ. გამოძიების ინფორმაციით, ისინი ჩატაევს საქართველოს საზღვარზე გადმოსვლასა და თბილისში ბინის ქირაობაში დაეხმარნენ.
სუსის ცნობით, დაკავებული პირები 21-22 ნოემბრის სპეცოპერაციის დროს მოკლულ ჯგუფთან ერთად, საქართველოსა და თურქეთში ტერაქტებს გეგმავდნენ. ასევე იგეგმებოდა თავდასხმები საქართველოში მომუშავე დიპლომატიურ კორპუსზე.
აჰმედ ჩატაევმა თბილისში, 22 ნოემბერს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, კონტრტერორისტული სპეცოპერაციის დროს, თავი აიფეთქა. ეს ფაქტი, დამნაშავეთა ცხედრების ექსპერტიზის შემდეგ, საქართველოს უსაფრთხოების სამსახურში დაადასტურეს.