პანკისში სპეცოპერაციის დროს დაკავებულ ზურაბ გორნაკაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
პროცესზე გორნაკაშვილის ადვოკატმა ირაკლი ბენიამ მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის 10 ათასლარიანი გირაო მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
ადვოკატის განცხადებით, ზურაბ გორნაკაშვილმა გამოძიებას დეტალური ჩვენება მისცა. რაც შეეხება სპეცოპერაციის დროს დაკავებულ კიდევ სამ ბრალდებულს, ბენიას ინფორმაციით, ისინი ჩვენების მიცემაზე ჯერჯერობით უარს ამბობენ. ადვოკატი ფიქრობს, რომ შეიძლება სწორედ ეს გახდა საქმის წარმოებიდან გორნაკაშვილის საქმის ცალკე გამოყოფის მიზეზი.
რაც შეეხება რუსლან ალდამოვს, რამაზ მარგოშვილს და ბადურ ჩოდანაშვილს, მათ საქმეს სასამართლო ამ წუთებში ცალკე განიხილავს.
შეგახსენებთ, რომ პანკისსა და თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სუსმა 5 პირი დააკავა, რომლებიც აჰმედ ჩატაევის მოკავშირეები იყვნენ. გამოძიების ინფორმაციით, ისინი ჩატაევს საქართველოს საზღვარზე გადმოსვლასა და თბილისში ბინის ქირაობაში დაეხმარნენ.
სუსის ცნობით, დაკავებული პირები 21-22 ნოემბრის სპეცოპერაციის დროს მოკლულ ჯგუფთან ერთად, საქართველოსა და თურქეთში ტერაქტებს გეგმავდნენ. ასევე იგეგმებოდა თავდასხმები საქართველოში მომუშავე დიპლომატიურ კორპუსზე.
აჰმედ ჩატაევმა თბილისში, 22 ნოემბერს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, კონტრტერორისტული სპეცოპერაციის დროს, თავი აიფეთქა. ეს ფაქტი, დამნაშავეთა ცხედრების ექსპერტიზის შემდეგ, საქართველოს უსაფრთხოების სამსახურში დაადასტურეს.