თბილისის საქალაქო სასამართლოში ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე, შსს-ს მაღალჩინოსნების მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმის განხილვა დასრულდა.
აღნიშნულ საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის, ზურაბ მიქაძის განცხადებით, ის მზადაა ყველაფერზე წავიდეს, ოღონდ საქმე სრულყოფილად გამოიძინონ.
"მოწმემ ჩხრეკის ოქმების ნამდვილობა დაადასტურა და აღნიშნა, რომ ხელმოწერა მისი იყო. მან თქვა, რომ დაკავებულებისგან საბრძოლო და ფეთქებადი ნივთიერება პირადად ამოიღო და განაცხადა, რომ ამაზე დაკავებულებს არავითარი პრეტენზია არ ჰქონიათ.
მოწმე აცხადებს, რომ მხოლოდ 2012 წელს, როცა ის ამ საქმეზე დაიკითხა, მაშინ დაფიქრდა, იყო თუ არა მისი ხელმოწერა დაკავების ოქმებზე და რატომღაც მიიჩნია, რომ ეს ხელმოწერები მისი არ იყო. გამოძიება ამ საკითხით არ დაინტერესებულა, აზრად არავის მოსვლია, რომ ამასთან დაკავშირებით, საგამოძიებო მოქმედებები ჩაეტარებინა და ბრმად, დაუსაბუთებლად ამბობენ , რომ ეს ხელმოწერა გაყალბებულია და მორჩა. თუ რატომ, რა გარემოებების გამო გააყალბეს ხელმოწერები, ეს ყველაფერი საქმეში თუ საეჭვოდ დარჩება, საეჭვო გარემოება ბრალდებულის სასარგებლოდ რომ მეტყველებს, ეს ყველამ იცის. ექსპერტიზის ჩატარებასთან დაკავშირებით, ჩვენ მიერ დაყენებული შუამდგომლობა მისი შედეგების მიხედვით, შესაძლოა, ჩვენთვის არამომგებიანი ყოფილიყო, მაგრამ თანახმა ვართ ყველაფერზე წავიდეთ, ოღონდ საქმე გამოძიებულ იქნას, რადგან საქმეზე გამოძიება პრაქტიკულად ჩატარებული არ არის“,- განაცხადა ზურაბ მიქაძემ.
საქმის პროკურორის, გიორგი ოსაძის თქმით კი მოწმე ზაზა ადანაიამ სასამართლოს წინაშე დაადასტურა, რომ როცა ის შემთხვევისა ადგილზე მივიდა, პირები უკვე დაკავებულები იყვნენ.
"მათ ხელბორკილები ედოთ და მხოლოდ ამის შემდეგ, მესამე განყოფილების უფროსის მითითებით, უკვე დაკავებულ პირებს ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა. მოწმეს პროცესზე წარედგინა დაკავების ოქმი, მან კატეგორიულად უარყო საგამოძიებო მოქმედების დოკუმენტზე თავისი ხელმოწერა და განაცხადა, რომ შემთხვევის ადგილზე, გარდა პირადი ჩხრეკის ოქმისა, სხვა რამეზე ხელი არ მოუწერია და ამდენად, დაკავების ოქმზე არსებული მისი ხელმოწერა მას არ ეკუთვნის", - განაცხადა პროკურორმა.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ აღნიშნულ საქმეზე ბრალი 5 პირს – გურამ დონაძეს, ირაკლი ფირცხალავას, ზაზა ბაქრაძეს, დავით იაშვილსა და ზურა მიქაძეს წაუყენა.
ცნობისთვის, შემდეგი სასამართლო პროცესი 12 იანვარს ჩაინიშნა.