იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით და დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, კანონშემოქმედებით პროცესში საჯარო ჩართულობის თემაზე, სამუშაო შეხვედრის ფორმატში, კომიტეტმა ორდღიანი მსჯელობა გამართა. საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და უცხოელ ექსპერტებთან ერთად გამართული სამუშაო შეხვედრის მეორე დღე, კანონშემოქმედებით პროცესში საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველსაყოფად ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებას და პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებების მსჯელობას დაეთმო.
შეხვედრის დასაწყისში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ პირველი დღის მუშაობის შედეგები შეაჯამა და აღნიშნა, რომ გუშინდელი საინტერესო დისკუსიის შემდეგ, კანონშემოქმედებით პროცესებში მოქალაქეების ჩართულობის გაზრდის საკითხებზე მსჯელობა დღის ბოლომდე გაგრძელდება, რაც საშუალებას მოგვცემს გავეცნოთ იმ პრაქტიკას, რაც ამ მიმართულებით უკვე არსებობს.
„ფორუმზე, რომელიც ძალიან საინტერესოდ არის ორგანიზებული ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ, ორი დღის განმავლობაში ვსაუბრობთ იმ საუკეთესო პრაქტიკაზე, რომელიც ევროპულ ქვეყნებს აქვთ საკანონმდებლო პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის, მათი მონაწილეობისა და მათი აზრის გათვალისწინების მიზნით. შეხვედრაზე ჩვენ წარმოვადგენთ პრეზენტაციას და ახალ საკანონმდებლო ინიციატივებს, რომელიც კანონშემოქმედებით პროცესში მოქალაქეების ჩართულობას გაზრდის და ახალ სტანდარტს დაამკვიდრებს. ამისთვის ჩვენ ვგეგმავთ ახალი მიდგომების დანერგვას, რაც ელექტრონული ფორმით კომენტარების და მოსაზრებების მიღებას წარმოადგენს. ასევე რეგლამენტში შესაბამისი ცვლილებები შევა და ყველა ის კომიტეტი, რომელიც წამყვანი იქნება კანონპროექტზე მუშაობის დროს, მოქალაქეების მხრიდან ელექტრონული წესით შემოსულ კომენტარს განიხილავს, ასევე გამოიყენებს მეცნიერების და ექსპერტების მოსაზრებებს, რაც მთლიანობაში გაზრდის პარლამენტის ურთიერთობას ხალხთან და ჩვენი მოქალაქეების ჩართულობას და მათ მონაწილეობას კანონის მიღების პროცესში“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
შეხვედრაზე ელექტრონული მმართველობის აკადემიის წარმომადგენელმა, ლიია ჰენნიმ ღია და გამჭვირვალე კანონშემოქმედებით პროცესში ელექტრონული დემოკრატიის ინსტრუმენტებზე ისაუბრა და აღნიშნული მოდელის ესტონური გამოცდილების პრეზენტაცია წარმოადგინა. დონორთა მხარდაჭერით მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერების კუთხით გაწეულ საქმიანობაზე ისაუბრეს EU-UNDP საპარლამენტო პროექტის მენეჯერმა, სოფო გურულმა, საპარლამენტო და საარჩევნო პროგრამების მენეჯერმა (NDI), თამარ სართანიამ და დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI) წარმომადგენელმა, ლევან სამადაშვილმა. ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობასა და დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებზე ისაუბრა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის აპარატის თანამშრომელმა, ლევან მჭედელაძემ. მანვე მოქალაქეთა საკანონმდებლო ინიციატივის დროს ხელმოწერების ელექტრონულად შეგროვების მექანიზმების დანერგვის მიზნით, პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პრეზენტაცია წარადგინა და პეტიციების ელექტრონული ფორმით მომზადების სიახლეზე ისაუბრა.
ორდღიანი სამუშაო შეხვედრა მონაწილეთა დისკუსიით და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის შემაჯამებელი სიტყვით დასრულდა.