„წარბი გაჭრილი, ტუჩი გახეთქილი, ცხვირზე ჭრილობა, 2 კბილი ჩამოტეხილი, თვალის გვერდზე ნაკაწრები, დანარტყამივით ჰქონდა. ეს ფაქტი 2 დეკემბერს მოხდა და 7-ში დილით, გაუჩინარდა“, - აცხადებს „ჯი-ეიჩ-ენთან“ ბობოყვათიდან გაუჩინარებული 17 წლის, გოგი დოლიძის მამა, ზორბეგ დოლიძე.
მას არ აქვს ვერსია, თუ სად შეიძლებოდა მის შვილს აღნიშნული დაზიანებები მიეღო. მან ამის შესახებ ინფორმაცია ვერც შვილისგან მიიღო.
„დავთვერი და დავეციო, მითხრა. ისეთი ბავშვი იყო, თავის ამბავს არასდროს მოგიყვებოდა. ექიმთან მიყვანაზეც უარი მითხრა. თავის მეგობრებთან არა, მაგრამ შეიძლება ვიღაც სხვასთან მოუვიდა კონფლიქტი“, - აცხადებს გაუჩინარებული ახალგაზრდის მამა.
ის შვილის გაუჩინარების კონკრეტულ მიზეზებზე ვერ საუბრობს, თუმცა, არ გამორიცხავს რომ ეს ინტერნეტ თამაშს „ლურჯ ვეშაპს“ უკავშირდებოდეს. ოჯახი არც იმას გამორიცხავს, რომ გაუჩინარებული ახალგაზრდა შესაძლოა თანატოლების მხრიდან ძალადობის მსხვერპლი იყოს.
„არაფერს გამოვრიცხავ, ყველაფერი შესაძლებელია. სანამ ბავშვს არ მოძებნიან და თვითონ არ იტყვის რა მოხდა, ვერაფერს გეტყვით. დანარჩენს სამართალდამცავები არკვევენ, ისინი სერიოზულად მუშაობენ“, - აცხადებს ზორბეგ დოლიძე.
შეგახსენებთ, რომ სოფელ ბობოყვათიდან გაუჩინარებულ 17 წლის გოგი დოლიძეს 7 დეკემებრიდან ამ დრომდე ეძებენ.