საქართველოს პარლამენტში სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის რიგით მეათე ყოველწლიური სესიაგაიხსნა.
სუამის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, გიორგი მოსიძე ასამბლეის მონაწილეებს მიესალმა და აღნიშნა, რომ საქართველოსთვის დიდი პატივია ამ ორგანიზაციის თავმჯდომარეობა. მისი თქმით, თავმჯდომარეობის პერიოდში საქართველომ გამოიყენა ყველა არსებული შესაძლებლობა, რათა ეს თანამშრომლობა გამხდარიყო უფრო მრავალმხრივი და ეფექტური. გიორგი მოსიძემ ყურადღება გაამახვილა ორგანიზაციის საქმიანობაზე და მის ძალისხმევაზე წევრი ქვეყნების ეკონომიკური განვითარებისა და დემოკრატიული ღირებულებების ხელშეწყობის მიმართულებით. მან კოლეგებს, სუამ-ის და ბალტიის ასამბლეის პრეზიდენტებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ სუამის საპარლამენტო საქმიანობის ყველა ფორმატში აქტიურად იქნება ჩართული.
„ჩემთვის პატივია საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოზიციიდან ვუხელმძღვანელო სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის მე-10 სესიას. როგორც სუამის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ახალი წევრი, დიდი იმედით მოველი ჩვენს მომავალ შეხვედრებს და თანამშრომლობის შესაძლებლობებს, სადაც საშუალება მომეცემა სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე საქართველოს პოზიციები გაგიზიაროთ", - განაცხადა გიორგი მოსიძემ.
ასამბლეის თავმჯდომარემ მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისასა აღნიშნა, რომ სუამის საპარლამენტო ორგანიზაციისა და ბალტიის საპარლამენტო ორგანიზაციის სამაგალითო და ხანგრძლივი თანამშრომლობა განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს. „გასულ წელს ორმა საპარლამენტო ასამბლეამ ხელი მოაწერა 2017-2019 წლების თანამშრომლობის პრიორიტეტების გადაწყვეტილებას, რითაც არსებული თანამშრომლობის დონემ კიდევ უფრო აღმატებული ხასიათი შეიძინა. როგორც დელეგაციის ხელმძღვანელი გადაწყვეტილი მაქვს გავააქტიურო ჩემი და ჩვენი დელეგაციის წევრების მონაწილეობა ხელმოწერილი დოკუმენტით გათვალისწინებული მიმართულებებით", - განაცხადა გიორგი მოსიძემ.
გიორგი მოსიძემ სესიის ფარგლებში განსახილველ საკითხებზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, „სესიის პროგრამაში გათვალისწინებულია რეგიონალური უსაფრთხოებისა და სტაბილურობის, ტრანსსასაზღვრო დანაშაულისა და მდგრადი განვითარების საკითხები. დღეს ეს სამივე თემა პრიორიტეტული მნიშვნელობისაა. უსაფრთხოება შავი ზღვის რეგიონში გამუდმებით საფრთხეს განიცდის სუამის სივრცეში არსებული კონფლიქტების გამო. ასევე, ვერ უგულებელვყოფთ ტერორიზმისა და იარაღით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობას, ისევე როგორც ენერგო სტაბილურობის პრიორიტეტულ ხასიათს", - განაცხადა გიორგი მოსიძემ.
სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ბენილუქსის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, ანდრე პოსტემას და სუამის გენერალურ მდივანს, ალთაი ეფენდიევს მიესალმა, გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა სტრუქტურებს შორის უფრო ინტენსიური გახდება.
სესიის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სახელით, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა მიმართა.
„ჩვენთვის პატივია, გიმასპინძლოთ საქართველოს პარლამენტში, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დემოკრატიული ინსტიტუტია. მივესალმები ჩვენს სტუმრებს, განსაკუთრებით მივესალმები ბალტიის ასამბლეის პრეზიდენტს, პროფესორ აადუმ ასტს. წლების განმავლობაში ბალტიის ასამბლეა ძალიან მნიშვნელოვან პოლიტიკურ მხარდაჭერას უწევდა ამ საპარლამენტო ასამბლეას. მივესალმები ბენელუქსის ასამბლეის პრეზიდენტს, ანდრე პოსტამს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, სტუმრებს. აქვე გამოვიყენებ შესაძლებლობას და სუამის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარედ არჩევას მივულოცავ გიორგი მოსიძეს, რომელიც სულ ახლახან იქნა არჩეული ამ პოზიციაზე და რომელზეც ჩვენ განსაკუთრებულ იმედებს ვამყარებთ. იმედია, რომ მისი თავმჯდომარეობის პერიოდში სუამის საქმიანობა კიდევ უფრო მეტად გააქტიურდება", - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიმართულებასა და პრიორიტეტებზე საუბრისას აღნიშნა, რომ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი საყრდენი. თამარ ჩუგოშვილმა სუამ-ის, როგორც საპარლამენტთაშორისო პლატფორმის კონსტრუქციულ როლსა და სტრატეგიულ ინტერესებზე საუბრისას ხაზგასმით აღნიშნა, ორგანიზაციის განსაკუთრებული მხარდაჭერა საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებით. მისი განცხადებით, ჩვენი ერების სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფა თანამშრომლობის უმნიშვნელოვანესი ასპექტია. ისევე როგორც, რეგიონული უსაფრთხოება, დემოკრატიული პრაქტიკის ხელშეწყობა და სოციალური, ეკონომიკური და კულტურული განვითარება.
„ბოლო ოცი წლის განმავლობაში, ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ერთად თანამშრომლობით, სუამ-მა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ჩვენს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის შენარჩუნებაში, რომელიც მტკიცედ არის მიმართული მშვიდობის და დიდი რეგიონალური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ასამბლეამ, როგორც სტრატეგიული ინტერესების გაზიარების პლატფორმამ, კონსტრუქციული როლი ითამაშა სუამის წევრ ქვეყნებს შორის საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების გაღრმავების საქმეში, თანამშრომლობის არსებული გამოცდილების შედეგად, საპარლამენტო ასამბლეაში გამყარდა კონსენსუსის და ერთობის შეგრძნება,"-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ თანამშრომლობის გასააქტიურებლად საჭირო ახალ შესაძლებლობებზე საუბრისას განაცხადა, რომ გასული წლის რეზოლუციაში ასამბლეამ გამოხატა მზადყოფნა მხარი დაუჭიროს კულტურულ პროექტებს, ხელი შეუწყოს სამეცნიერო თანამშრომლობას და წაახალისოს წევრი ქვეყნების ისტორიისა და ტრადიციების კვლევის ინიციატივა. მისი თქმით, დოკუმენტში ასევე აისახა წევრი ქვეყნების მზადყოფნა ხელი შეუწყონ სატრანზიტო, სატრანსპორტო და ეკონომიკურ ურთიერთობებს. „ჩვენი ქვეყნისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებები. წევრ ქვეყნებს გააჩნიათ მსგავსი პოლიტიკური თუ სხვა მიმართულებით არსებული გამოწვევების გამოცდილება და ვფიქრობ, რომ სუამის საპარლამენტო ასამბლეას კიდევ უფრო გააქტიურების პირობებში შეუძლია დაეხმაროს ყველა ჩვენგანს, რომ ერთობლივად გავუმკლავდეთ ამ გამოწვევებს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოს თავმჯდომარეობა ამ მიმართულებით იქნება ეფექტური და წარმატებული",-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ დამსწრეთ მისასალმებელი სიტყვით მიმართა და სუამ-ის მნიშვნელობაზე, გასული წლის მიღწევებზე, სამომავლო გეგმებზე, ორგანიზაციის განვითარებასა და გაძლიერებაზე ისაუბრა.
მინისტრის განცხადებით სუამ-ის წევრი ქვეყნების ხედვა ეფუძნება ოთხ ძირითად პრიორიტეტს - ძლიერი პოლიტიკური კონსოლიდაცია, ეკონომიკური კეთილდღეობა, სექტორალური დაახლოება და ხალხთაშორისი კონტაქტების გამყარება.
მიხეილ ჯანელიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სუამ-ში საქართველოს თავმჯდომარეობის ხელშეწყობით ორგანიზაცია აქტიურად იყო წარმოდგენილი საერთაშორისო არენაზე. მინისტრის განცხადებით განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სუამ-ის ეკონომიკური ინტეგრაციისა და სატრანსპორტო-სატრანზიტო პოტენციალის ამაღლებას, ამ კონტექსტში მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა სუამ-ის თავისუფალი სავაჭრო ზონისა და სუამ-ის სატრანსპორტო დერეფნის ხელშეკრულების გაფორმება.
სიტყვით გამოსვლისას მინისტრი მიესალმა ბენელუქსის და ბალ
ტიის საპარლამენტო ასამბლეების თავმჯდომარეების მონაწილეობას აღნიშნულ ღონისძიებაში.
„სუამ-ის წარმატებები მუდმივი შრომისა და ძალისხმევის შედეგია. ამიტომაც, სუამ-ის ოთხივე წევრს გვაკავშირებს ერთსულოვნება და ძლიერი სწრაფვა, მჭიდრო ერთობლივი ძალისხმევით განვაგრძოთ ჩვენი საერთო მიზნების მიღწევა ისევე, როგორც საერთო გამოწვევებთან გამკლავება" - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
დასასრულს, საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მხარდაჭერა გამოუცხადა სამდივნოს, ასევე სუამ-ში მოლდოვის თავმჯდომარეობას და ამ მანდატის წარმატებით განხორციელება უსურვა.
სესიის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა აზერბაიჯანის დელეგაციის ხელმძღვანელმა აზერ კამირლიმ. მომხსენებელმა საქართველოს პარლამენტს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და ქართველ კოლეგას სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარეობა მიულოცა. აზერ კამირლის განცხადებით, სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის შეკრება და დღეს მიღებული გადაწყვეტილებები დიდ წვლილს შეიტანს წევრი ქვეყნების საპარლამენტო ურთიერთობების გაღრმავებაში, საერთაშორისო მშვიდობის, სტაბილურობის და უსაფრთხოების კუთხით და ეს იქნება დამატებითი სტიმული განვითარებისთვის და მრავალმხრივი თანამშრომლობისთვის.
მომხსენებლის განცხადებით, დღის წესრიგით განსახილველ საკითხებს საერთაშორისო საზოგადოებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვთ და რეგიონალური და ენერგო უსაფრთხოების, ტრანსსასაზღვრო დანაშაულთან ბრძოლის საკითხები სუამ-ის წევრი ქვეყნებისთვის განსაკუთრებულ გა მოწვევებთანაა დაკავშირებული.
აზერ კამირლიმ თბილისი-ბაქო-ჯეიჰანი, თბილისი-ბაქო-არზრუმის და თბილისი-ბაქო-ყარსის პროექტების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ თანამედროვე მსოფლიოში ენერგეტიკული უსაფრთხოება აღიქმება, როგორც ნაციონალური უსაფრთხოების ელემენტი და ყველა ამ და მსგავსი პროექტის განხორციელება მიმზიდველს ხდის რეგიონს და სტრატეგიული მიზნების მიღწევის კარგ შესაძლებლობებს ქმნის.
„დარწმუნებული ვარ ჩვენ მომავალშიც განვავითარებთ და გავაღრმავებთ თანასწორუფლებიან თანამშრომლობას ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, რაც თავის მხრივ რეგიონში მშვიდობას, უსაფრთხოებას და განვითარებას უზრუნველყოფს,"-განაცხადა აზერ კამირლიმ.
ბალტიის ასამბლეაში ესტონეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, აადუ მუსტმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პარლამენტსა და სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელ გიორგი მოსიძეს მოწვევისთვის. „ჩვენ ვდგავართ თქვენს მხარდამხარ, ჩვენ მხარს გიჭერთ. ვსაუბრობთ სუამ-ის ქვეყნებზე ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. ჩვენ თქვენი ქვეყნების ინტერესებს ევროპელ ლიდერებს ვაცნობთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია დღეს აქ თქვენთან ყოფნა და ღია დიალოგის შესაძლებლობა",- მიმართა ბალტიის ასამბლეაში ესტონეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა სუამ-ის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს.
ბალტიის ასამბლეის პრეზიდენტმა და ესტონეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ბალტიის ასამბლეაში აადუ მუსტმა ყურადღება გაამახვილა საპარლამენტო თანამშრომლობის როლსა და მნიშვნელობაზე, ასევე, ისაუბრა საქართველოს, უკრაინას, მოლდოვასა და აზერბაიჯანს შორის რეგიონულ თანამშრომლობაზე.
ბენელუქსის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ანდრე პოსტემამ საპარლამენტთაშორისო და რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ანდრე პოსტემამ დამსწრეებს ბენელუქსის საპარლამენტო ასამბლეის დღის წესრიგი და მიღწევები გააცნო.
სუამ-ის გენერალურმა მდივანმა, ალტაი ეფენდიევმა გიორგი მოსიძეს სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეაში მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელად არჩევა მიულოცა, წარმატებები უსურვა და მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა დაადასტურა.
სუამ-ის გენერალურმა მდივანმა სიტყვით გამოსვლისას 2017 წელი შეაფასა, ასევე, ისაუბრა შესრულებულ სამუშაოსა და სამომავლო ნაბიჯებზე. ალტაი ეფენდიევმა ხაზგასმით აღნიშნა საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობა.
„დღევანდელი ღონისძიება არის საქართველოს ძალიან წარმატებული თავმჯდომარეობის განმავლობაში განხორციელებული მნიშვნელოვანი ღონისძიებების ჯაჭვის კულმინაცია. თავმჯდომარეობის პერიოდში საქართველომ მოახდინა ლიდერობის ნათელი დემონსტრირება",- განაცხადა სუამ-ის გენერალურმა მდივანმა.
საქართველო სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის მეათე სხდომას მასპინძლობს. ღონისძიებაში, რომელიც ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობს, მონაწილეობას სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეასთან ერთად ბალტიის ასამბლეის და ბენილუქსის პარლამენტის წარმომადგენლები იღებენ.
წელს, სუამ-ის ორგანიზაციის შექმნის მე-20, საიუბილეო წელია. ორგანიზაციას, რომელიც საქართველოს, უკრაინას, აზერბაიჯანს და მოლდოვას აერთიანებს, წელს საქართველო თავმჯდომარეობს და შესაბამისად, საპარლამენტო ასამბლეის მეათე სესია საქართველოს თავმჯდომარეობით, თბილისში იმართება.