ოფიციალური დეკლარირებული მონაცემების მიხედვით საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება 2016 წელს, წინა წელთან შედარებით 6,8%-ით გაიზარდა და შეადგინა 11573,6 მილიონი კვტ. სთ. 2016 წლის განმავლობაში მოპოვებულია 38,6 ათასი ტონა ნედლი ნავთობი (გასულ წელთან შედარებით 4,0%-ით ნაკლები), 296,5 ათასი ტონა ქვანახშირი (გასულ წელთან შედარებით 3,1%-ით ნაკლები) და 6,6 მილიონი მ3 ბუნებრივი გაზი (გასულ წელთან შედარებით 42,1%-ით ნაკლები).
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2016 წელს საქართველოში წარმოებულია 2052,2 ათასი მ3 შეშა (წინა წელთან შედარებით 3,4%-ით ნაკლები).
ენერგორესურსების მოხმარება გასულ წელთან შედარებით იძლევა შემდეგ სურათს: ელექტროენერგიის მოხმარებამ 2016 წელს შეადგინა 10486,5 მლნ.კვტ.სთ (გასულ წელთან შედარებით გაიზარდა 5,9%-ით). ბუნებრივი გაზის მოხმარებამ შეადგინა 2125,7 მლნ.კუბ.მ (გასულ წელთან შედარებით შემცირდა 6,8%-ით). ნავთობპროდუქტების მოხმარება გასულ წელთან შედარებით გაზრდილია 12,6%-ით.
ქვემოთ მოცემული გრაფიკი ასახავს საქართველოში 2016 წელს წარმოებული ენერგორესურსების სტრუქტურას. როგორც გრაფიკიდან ჩანს, სტრუქტურაში უდიდესი წილი (63,6%) მოდის ელექტროენერგიის წარმოებაზე. მეორე ადგილს იკავებს ბიოსაწვავი და ნარჩენებისაგან წარმოებული ენერგია (24,3%), რომელიც ძირითადად წარმოდგენილია შეშის სახით, ხოლო დანარჩენი ენერგორესურსები სტრუქტურაში შედარებით დაბალი წილით ხასიათდებიან.