სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2018-2022 წლების განვითარების სტრატეგიის პრეზენტაცია გამართა.
დოკუმენტი პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, მთავრობის წევრებს, დეპუტატებს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, არასამთავრობო სექტორსა და სხვა მოწვეულ სტუმრებს გენერალურმა აუდიტორმა, ირაკლი მექვაბიშვილმა წარუდგინა.
განვითარების სტრატეგია მიზნად ისახავს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დამოუკიდებლობისა და ინსტიტუციურ გაძლიერებას, მაღალხარისხიანი აუდიტორული საქმიანობით სამსახურის როლის გაზრდას საჯარო ფინანსების მართვაში პარლამენტის, მთავრობის და საზოგადოების მეტ ჩართულობას, მმართველობითი სისტემის დანერგვას და თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებას.
„ჩვენი გამოწვევაა, 5 წლის განმავლობაში მივიღოთ მაღალი ხარისხის აუდიტორული სამსახური, რომლის ანგარიშები თვისობრივად გააუმჯობესებს საჯარო ფინანსების მართვის პროცესს. ჩვენი სტრატეგიული ამოცანაა, შევთავაზოთ ინსტიტუციებს შედეგზე ორიენტირებული რეკომენდაციები, რომლებიც დაეხმარება მათ საქმიანობის ეფექტიანად წარმართვაში. ჩვენი მიზანია გავზარდოთ რეკომენდაციების შესრულების მაჩვენებელი პარლამენტის აქტიური ჩართულობით“, - განაცხადა გენერალურმა აუდიტორმა.
შეხვედრაზე მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. ირაკლი კობახიძის განცხადებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობა მნიშვნელოვანია მთლიანად კონსტიტუციური სისტემის გამართული ფუნქციონირებისათვის და ხელს უწყობს საჯარო უწყებებს, ჯეროვნად და კანონის შესაბამისად განახორციელონ თავიანთი უფლებამოსილება.
„აუდიტის სამსახურმა ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა განიცადა, განსაკუთრებით მისი დამოუკიდებლობის განმტკიცების თვალსაზრისით, რაც არის უდავოდ აღსანიშნავი და ახლა არის ის დრო, როდესაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს სამსახურის რესურსების განვითარებას და ამ კუთხით მნიშვნელოვანია სტრატეგიული ხედვის არსებობა. მე დარწმუნებული ვარ, ეს ხედვა მიგვიყვანს სასურველ შედეგამდე, რასაც ჰქვია აუდიტის სამსახურის რესურსების თვისობრივი გაძლიერება“, - აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2018-2022 წლების განვითარების სტრატეგია საერთაშორისო ექსპერტების შეფასებებისა და რეკომენდაციების საფუძველზე მომზადდა და სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან.
განვითარების სტრატეგია პასუხობს იმ გამოწვევებს, სამომავლო აქტივობებსა და ამოცანებს, რაც გათვალისწინებულია ევროკავშირის პროექტით - „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერება“, რომლის მიზანია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დამოუკიდებლობისა და პროფესონალიზმის შემდგომი გაძლიერება.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2018-2022 წლების განვითარების სტრატეგიის პრეზენტაციას ასევე ესწრებოდნენ აზერბაიჯანის საანგარიშო პალატის თავმჯდომარე, ვუგარ გულმამადოვი, დიდი ბრიტანეთისა და სომხეთისა უმაღლესი აუდიტორული სამსახურების წარმომადგენლები.