საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, ნოდარ ხადური 7-8 დეკემბერს, პარიზში, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცის (OECD) კონკურენციის გლობალური ფორუმის მე-16 შეხვედრაში მონაწილეობს. ფორუმის ფარგლებში, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის კონკურენციის უწყების მაღალი რანგის პირები და ექსპერტები ესწრებიან, შემდეგი ძირითადი თემები განიხილება: რამდენად წარმოადგენს კონკურენცია დემოკრატიისთვის აუცილებელ წინაპირობას; რა ზეგავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკაზე კონკურენციის ხელშეწყობა და დაცვა; მარეგულირებელ ორგანოებთან ურთიერთობა, ადვოკატირება, სახელმწიფო შესყიდვები და ა.შ.
ფორუმის ფარგლებში, რიგი საკითხების განხილვისას, მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა ახლად შექმნილი კონკურენციის უწყებების განვითარების და გაძლიერების საკითხებს, მიმართულებებს, პრიორიტეტებს, არსებულ გამოწვევებსა და მისი გადაჭრის გზებს. ფორუმის ფარგლებში, ნოდარ ხადური მსოფლიოში აღიარებულ ეკონომისტს, ჰერნანდო დე სოტოს შეხვდა.
ასევე სამუშაო შეხვედრები შედგა მეგობარი ქვეყნების - ლიტვის, ლატვიის, უკრაინის, ყაზახეთის, უნგრეთის და პერუს კონკურენციის უწყებების ხელმძღვანელებთან; ევროკავშირის კონკურენციის გენერალური დირექტორატის (DG Competition) საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების ხელმძღვანელთან, ედი დი სმიტერთან და გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის (Unctad) კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის პოლიტიკის განყოფილების ხელმძღვანელთან, ტერეზა მორეირასთან. ფორუმში ასევე მონაწილეობენ საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თანამშრომლები - იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, სოფიო მომცელიძე და კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმებების გამოვლენისა და აღკვეთის სამმართველოს უფროსი, ნიკა სერგია.