ნატომ და ევროკავშირმა სამი პრიორიტეტული სფერო განსაზღვრეს, რომელშიც თანამშრომლობა გაღრმავდება. ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორმა ფედერიკა მოგერინიმ განაცხადეს. მათივე თქმით, სამი მთავარი მიმართულება ევროპაში სამხედრო-სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება, ანტიტერორისტული ინფორმაციის გაცვლა და სამხედრო ორგანიზაციებსა და ოპერაციებში ქალების როლის გაზრდა იქნება.
„ძალების სწრაფი გადაადგილება მნიშვნელოვანია ნატოსთვის. ამიტომ, ჩვენ ერთობლივად უნდა განვავითაროთ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, პორტები და აეროპორტები. აუცილებელია ნატოსა და ევროკავშირის ეფექტური თანამშრომლობა სამხედრო მობილურობის სფეროში. ჩვენ ასევე შევთანხმდით ტერორიზმთან ბრძოლის სფეროში ინფორმაციის გაცვლაზე და ქალების როლის გააქტიურებაზე ჩვენს ორგანიზაციებსა და სამხედრო ოპერაციებში,“-განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
თავის მხრივ, ფედერიკა მოგერინიმ აღნიშნა, რომ ევროკავშირმა და ნატომ ამ მიმართულებით თანამშრომლობის გასაღრმავებლად 34 ახალი პროექტი შეიმუშავეს.