თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მომავალ კვირაში მე-3 მემილიონე მგზავრს მიიღებს.
იანვარ-ნოემბრის მონაცემებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა 2 მლნ 943 ათას 417 მგზავრი გაატარა, ხოლო მე-3 მემილიონე მგზავრს დეკემბრის მეორე კვირაში მიიღებს.
აღნიშნული რაოდენობის მგზავრი თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ბოლო 20 წლის განმავლობაში არ მიუღია, შესაბამისად მომავალ კვირაში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი რეკორდს დაამყარებს.
აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი მზარდია, რაც ქვეყანაში ტურისტრების ზრდასთანაა პირდაპირ კავშირში.
2017 წლის იანვარი - ნოემბრის თვის მონაცემებით საქართველოს 6,954,932 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 1,081,031-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. (ზრდა +18.4%)
11 თვეში იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 3,243,963 შეადგინა, რაც 701,371-ით მეტია 2016 წლის იანვარი - ნოემბრის მაჩვენებელზე (ზრდა +27.6%).
მგზავრთნაკადის ზრდის ფონზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა გაფართოება დაიწყო და მიმდინარე წელს აეროპორტში მოფრენის ახალი ტერმინალი გაიხსნა.
მოფრენის ახალი ტერმინალის მშენებლობა 2016 წლის 27 ივნისს დაიწყო და პირველი მგზავრები მიმდინარე წლის 12 ივლისს მიიღო. ახალი მოფრენის ტერმინალის ფართობი 12 000 კვ მეტრია.
ტერმინალს აქვს ახალი ჩასხდომის ხიდი ორი გასასვლელით, რომელიც ორ თვითმფრინავს ერთდროულად ემსახურება. ასევე ახალ ტერმინალში 4 ავტობუსის კარი და 5 ახალი თვითმფრინავის სადგომია. ასევე, მოეწყო 250 მანქანაზე გათვლილი ახალი ავტოსადგომი. შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი გაფრენისა და მოფრენის ტერმინალებით წელიწადში 4 მილიონ მგზავრს მოემსახურება.