სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) მცირე ფერმერთა კოოპერაციის კომპონენტის განმახორციელებელი კონსორციუმის წევრი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები ( „ქეა“, „მერსი ქორი“, „ოქსფამი“ და „ფიფლ ინ ნიდ“) მართავენ ერთობლივ დასკვნით კონფერენციას, სადაც საქართველოში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდასაჭერად განხორციელებული ოთხწლიანი მუშაობის შედეგებს წარადგენენ.
ღონისძიება გაიმართება პარასკევს, 1 დეკემბერს, 09:00-დან 16:00 საათამდე, სასტუმრო „ჰუალინგ თბილისში“ (მისამართი: ჯ.ლეჟავას ქუჩა #22).
კონფერენციას ოფიციალურად გახსნიან სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, ნოდარ კერესელიძე და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების სამსახურის უფროსი, კაიდო სირელი.
ღონისძიება პროექტის განმახორციელებელი პარტნიორების, დაინტერესებული პირებისა და ბენეფიციარი ფერმერების პრეზენტაციებს მოიცავს. დისკუსია ევროკავშირის მიერ საქართველოში მხარდაჭერილ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს და ENPARD-ის პროგრამის პირველი ფაზის ფარგლებში, 2014-2017 წლებში მიღწეულ შედეგებს შეეხება.
პლენარული სესიების პარალელურად მოეწყობა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი კოოპერატივების გალერეა. მონაწილეებს საშუალება ექნებათ, პროგრამის შედეგები თითოეული ბენეფიციარი კოოპერატივის მაგალითზე შეაფასონ, გაესაუბრონ ფერმერებს და მათი პროდუქციისა თუ მომსახურების შესახებ ინფორმაციას ადგილზე გაეცნონ.
ღონისძიებას ENPARD-ის ბენეფიციარ ფერმერებთან ერთად, ევროკავშირის, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს, საერთაშორისო თუ ადგილობრივი პარტნიორი ორგანიზაციებისა და დონორების წარმომადგენლები დაესწრებიან.