ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით სამგზავრო გადაყვანების დაწყება 2018 წლის ზაფხულის სეზონისთვის იგეგმება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თურქეთის საზღვაო საქმეთა და კავშირგაბმულობის მინისტრმა აჰმედ არსლანმა განუცხადა, რომელიც აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში საქართველოში იმყოფება.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, სწორება არ უნდა გავაკეთოთ მხოლოდ არსებულ ტვირთებზე. თუ განვავითარებთ პორტებს, მომავალში შემოვა ახალი ტვირთები იმ პორტებისათვის. „ასევე თუ განვავითარებთ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალს, მომავალში მოვა ტვირთები ზუსტად სარკინიგზო მაგისტრალზე, ანუ სამომავლოდ ტვირთბრუნვა ყველგან გაიზრდება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა თურქეთის საზღვაო საქმეთა და კავშირგაბმულობის მინისტრმა.
მისივე თქმით, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზასთან დაკავშირებით ჯერჯერობით საუბარია ტვირთების ტრანსპორტირებაზე, მომავალში კი სამგზავრო გადაყვანებიც იქნება შესაძლებელი.
"ამჟამად გრძელდება სამუშაოები ელექტროფიკაციის და სიგნალიზაციის საკითხებში. ასევე იგეგმება მეორე ხაზის მოწყობაც და ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი. სავარაუდოდ, მომავალი წლის ზაფხულის სეზონზე ვგეგმავთ, რომ ეს ყველაფერი განხორციელდეს“, - განაცხადა აჰმედ არსლანმა.