ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა აბრეშუმის გზის ფორუმის მოსალოდნელ სარგებელსა და არსზე ისაუბრა. მინისტრი ჟურნალისტებთან საუბრისას ამბობს, რომ ფორუმის შინაარსი და სარგებელი საქართველოთვის უნდა იყოს იმაში, რომ ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალი გაიზარდოს.
როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, თბილისი ამჯერად აბრეშუმის გზის რიგით მეორე ფორუმს მასპინძლობს, რომელსაც 2000-მდე დელეგატი ჰყავს, მათ შორის, 60-მდე სხვადასხვა ქვეყნიდანაა ჩამოსული სტუმრები.
“მაღალი დონის დელეგატები გვყავს. ასევე აქ იმყოფება 2 ქვეყნის პრემიერ-მინისტრები, ასევე არიან ვიცე პრემიერები, ძალიან ბევრი ქვეყნის მინისტრები. საბოლოოდ, ფორუმის შინაარსი და სარგებელი ჩვენი ქვეყნისთვის უნდა იყოს იმაში, რომ ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალი უნდა გაიზარდოს და ის ინვეტიციები, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ახორციელებს ძირითად ინფრასტრუქტურაში, ასევე კერძო სექტორი ახორციელებს პორტებსა თუ სხვა მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაში, შემდგომში უნდა იყოს უკუგებადი და უნდა იყოს ამ ინვესტიციების უკუგება, რაც თავისთავში ნიშნავს იმას, რომ შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები და მოხდება ეკონომიკის ინკლუზიური განვითარება”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.
კითხვაზე, ხომ არ ჩაანაცვლებს აბრეშუმის გზა ყარსი-ახალქალაქის რკინიგზას, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა არის აბრეშუმის გზის გაგრძელება, ერთ-ერთი განშტოება. მისივე თქმით, ეს არის სახმელეთო დამაკავშირებელი გზა, რომელიც აზრებაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს დააკავშირებს ერთმანეთთან და თავის მხრივ, ეს იქნება სწორედ ის შესაძლებლობა, რომელმაც თავდაპირველ ეტაპზე 5 მილიონი ტონით, ხოლო შემდგომში უკვე 15 მილიონი ტონით უნდა გაზარდოს ის შესაძლებლობა, რომელიც ჩვენს დერეფანს გააჩნია.
კითხვაზე, რა სარგებლობა მოუტანა ქვეყანას აბრეშუმის გზის პირველმა ფორუმმა, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, 2 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ მოხდა.
“2015 წლის მარტში მოეწერა შეთანახმებას ხელი საქართველოსა და ჩინეთს შორის აბრეშუმის გზის განვითარებასთან დაკავშირებით, ხოლო უკვე 2015 წლის ნოემბერში ჩვენ ვუმასპინძლეთ თბილისის აბრეშუმის გზის პირველ ფორუმს. ამის შემდეგ თანმიმდევრულად რომ მივყვეთ, ჩვენ ჩინეთთან დავასრულეთ სავაჭრო შეფანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ და რა თქმა უნდა, გაიზარდა ის ტვირთბრუნვა, რომელიც ჩვენ გვჭირდებოდა მათ შორის, ის სარკინიგზო ტვირთბრუნვა, რომელიც ჩვენ დღეს გაგვაჩნია აზიის ქვეყნებიდან, მათ შორის, ჩინეთიდან, რომლითაც ჩვენ ყველანი ძალიან ვამაყობთ და ვამბობთ, რომ ეს არის მტკიცებულება იმისა, რომ ყველაზე მოკლე გზა სწორედაც რომ საქართველოზე გადის, დღეს უკვე რეალობაა, მაშინ ეს იყო მონდომება და დღეს კი ჩვენ ვიცით, რომ ნამდვილად ჩინეთიდან ევროპამდე 9-დან 12 დღემდეა საჭირო ჩვენი კორიდორის გავლით ტვირთების ჩატანისთვის. ასე რომ ის მონდომებები, ის გამოთქმული მოსაზრებები, რომელიც 2015 წელს გამოითქვა, წელს არის რეალობა”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.
მისივე თქმით, დღეს მოეწერება ხელი მნიშვნელოვან ხელშეკრულებებს, მათ შორის, ჩინეთთან იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხელშეკრულება, ეს იქნება ერთობლივი თავისუფალი ინდუსტრიული ზონების, ტექნოლოგიური და ინოვაციური პარკების ხელშეკრულება, რომელიც თავისთავში მოიაზრებს უკვე ინდუსტრიულის იმძალავრეევის რელოკაციას, ანუ საქართველოში გადმოტანას და შესაბამისი ერთობლივი სიმძლავრეების შექმნას იმისთვის, გამოყენებული იქნას საქართველოს სტრატეგიული ადგილმდებარეობა, როგორც გზაგასაყარი ევროპასა და აზიას შორის და ასევე ის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებები, რომელიც საქართველოს გააჩნია. “თავისთავში ეს ითარგმნება ახალ სამუშაო ადგილებში”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.