“დღევანდელი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ საქართველომ დაიმკვიდრა მჭიდროდ ადგილი იმ კონცეფციაში რასაც ეწოდება აბრეშუმის თანამედროვე გზა”, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ აბრეშუმის გზის ფორიმის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ დღევანდელ ფორუმში მონაწილეობას იღებს 2000-ზე მეტი დელეგატი, რაც უნიკალური მოვლენაა.
„თქვენ ვერ ნახავთ კომპანიას, სერიოზულ მოთამაშეს აღმოსავლეთ-დასავლეთ დერეფანში, რომ არ მონაწილეობდეს დღევანდელ ფორუმში. ვფიქრობ, რომ ეს ფორუმი საშუალებას მოგვცემს მივიღოთ ძალიან კონკრეტული უპირატესობები. გაფორმდება რამდენიმე კონტრაქტი, მათ შორისაა ძალიან მნიშვნელოვანი კონტრაქტი, რომელსაც აფორმებს ანაკლიის კონსორციუმი. ამასთან მინდა გამოვყო ხელშეკრულება თანამშრომლობაზე ყველაზე მსხვილ საკონტეინერო გადამზიდავ ჩინურ კომპანიასა და საქართველოს რკინიგზას შორის. ზოგადად რა თქმა უნდა, აღნიშნული პლატფორმა საშუალებას მოგვცემს უკეთესად წარმოვადგინოთ ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო და ეკონომიკური პოტენციალი.
მოგეხსენებათ, სახელმწიფო ძალიან დიდ თანხებს დებს ინფრასტრუქტურის განვითარებაში. მინდა ავღნიშნო აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი, საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი, ღრმაწყლოვანი პორტი ანაკლიაში და სხვა“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მინისტრის თქმით, ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა კიდევ ერთი განშტოება აბრეშუმის გზის იდეის.
„არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ საქართველოსთვის ჩვენი საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება აბსოლიტური პრიორიტეტია, მაგრამ რაც შეეხება საქართველოზე გამავალ მეორე სარკინიგზო მიმართულებას ეს უბრალოდ საშუალებას მოგვცემს მეტი სინერგია შევძინოთ ამ მიმართულებას. თქვენ თუ მოუსმენთ მოსაზრებებს, რომელსაც აფიქსირებენ ექსპერტები ამ საკითხთან დაკავშირებით ნათლად ჩანს, რომ ეს ორი მიმართულება ერთმანეთს პირიქით დაეხმარება. შექმნის სინერგიას და ერთმანეთს კონკურენციას არ გაუწევს“, - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.
თბილისის აბრეშუმის გზის რიგით მეორე ფორუმი დღეს გაიხსნა, რომელშიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 1000-მდე დელეგატი იღებს მონაწილეობას. ფორუმი საქართველოს მთავრობის პატრონაჟით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების ორგანიზებით ტარდება.
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ აზიასა და ევროპას შორის ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული კავშირების გაღრმავების მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა. ფორუმი მიზნად ისახავს, შექმნას და დაამკვიდროს სადისკუსიო პლატფორმა, სადაც აბრეშუმის გზის ინიციატივის ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები განიხილავენ თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებსა და კავშირებს საერთაშორისო და რეგიონული ვაჭრობის სფეროში.
ფორუმის ფარგლებში განხილული იქნება ისეთი აქტუალური საკითხები, როგორიცაა: ვაჭრობის ხელშეწყობა, ელექტრონული კომერციის განვითარება, ციფრული კავშირი, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკის სფეროში რეგიონთაშორისი შესაძლებლობები და ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი.
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს“ საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გახსნის. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები. ფორუმის ფარგლებში გაიმართება მაღალი დონის დისკუსიები.
ღონისძიება ხვალ დასრულდება.
აღსანიშნავია, რომ ფორუმს საფუძველი 2015 წელს ჩაეყარა და მასში მონაწილეობა 34 ქვეყნის ოფიციალურმა პირმა და 50 ქვეყნის ბიზნესის წარმომადგენელმა მიიღო.
ღონისძიების მნიშვნელობიდან და მასშტაბურობიდან გამომდინარე, „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ ყოველ ორ წელიწადში ერთხელ გაიმართება.