კაპიტალის ბაზრის რეფორმა სამთავრობო პროგრამის ეკონომიკური განვითარების ნაწილის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ქვეყანაში განვითარებული კაპიტალის ბაზრის არსებობა გულისხმობს, საბანკო დაკრედიტების პარალელურად, კომპანიებსაც მიეცეთ გრძელვადიანი ფინანსური რესურსების მოზიდვის ეფექტიანი შესაძლებლობა.
საგადასახადო კოდექსში მომზადებული ცვლილებებში სიახლეა ის, რომ ფიზიკური პირები და არარეზიდენტები გათავისუფლდებიან საშემოსავლო და მოგების გადასახადებისგან სასესხო და წილობრივი ფასიანი ქაღალდის მიწოდებით და სასესხო ფასიანი ქაღალდიდან პროცენტის სახით მიღებულ შემოსავალზე, იმ პირობით, რომ ფასიანი ქაღალდი გამოშვებულია რეზიდენტი იურიდიული პირის მიერ საქართველოში საჯარო შეთავაზების გზით და სავაჭროდ დაშვებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ორგანიზებულ ბაზარზე. ამასთან, სასესხო ფასიან ქაღალდებზე პროცენტის სახით მიღებული შემოსავლის ნაწილში შეღავათი გავრცელდება 2023 წლის 1 იანვრამდე გამოშვებულ ფასიან ქაღალდებთან მიმართებაში.
შედეგად, შეიქმნება კარგი საფუძველი განვითარდეს ფასიანი ქაღალდების ბაზარი ჩვენს ქვეყანაში, შეიქმნება კონკურენტული გარემო არა მხოლოდ დაკრედიტების, არამედ დანაზოგების ეფექტიანად გადანაწილების მიმართულებითაც.