ხვალ, 19 ივლისს, 11:00 საათზე სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრები სასტუმრო "რედისონში" შეიკრიბებიან და პროექტსა და მიუნხენის კონფერენციის შედეგებსა და რეკომენდაციების შესახებ იმსჯელებენ. თუ კომისია მომზადებულ პროექტს უკვე სრულყოფილად ჩათვლის, მის დასამტკიცებლად კენჭისყრა გაიმართება.
კონსტიტუციაში ცვლილებები საბოლოოდ პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში პროექტის შესვლისას იქმნება საზოგადოებრივი საჯარო განხილვის კომისია, რომელიც საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლებთან ერთად საკონსტიტუციო პროექტზე მსჯელობს, ამის შემდეგ კი მის განხილვას უკვე თავად პარლამენტი შეუდგება.
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სარედაქციო საბჭოს სხდომა 11:00 საათზე დაიწყება, ხოლო 15:00 საათზე, კომისიის პლენარული სხდომა ჩატარდება.