ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მსჯავრდებულ ვანო მერაბიშვილის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო გადაწყვეტილებას სამშაბათს, 28 ნოემბერს გამოაცხადებს.
ამის შემდეგ მერაბიშვილს საპყრობილეში მისი უფლებადამცველი, გიორგი ჩივიაშვილი მოინახულებს.
შეგახსენებთ, რომ ვანო მერაბიშვილი 2013 წლის 21 მაისს დააკავეს. 2012 წელს მას ხელისუფლების შეცვლამდე პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ეკავა, მანამდე კი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო.
ვანო მერაბიშვილს მისჯილი სასჯელებიდან მოხდილი აქვს 4 წელი და 6 თვე, დარჩენილი აქვს 2 წელი და 3 თვე.
მისჯილი წლები და ბრალდებები ასე გამოიყურება:
1.“აკურას“ ღვინის ქარხნის უკანონოდ ჩამორთმევის საქმე - 2 წელი და 3 თვე.
- სანდრო გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების გადამალვა - 3 წელი.
- აქციის დარბევა 2011 წლის 26 მაისს - 4 წელი და 6 თვე.
- მითვისება გაფლანგვა და ამომრჩევლის მოსყიდვა - 5 წელი.
- ვალერი გელაშვილზე ფიზიკური ანგარიშსწორება - 6 წელი და 9 თვე.
სასჯელის შთანთქმის პრინციპით, ვანო მერაბიშვილს სასჯელის საბოლოო სახედ 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2016 წელს გამოიტანა გადაწყვეტილება საქმეზე, რომლის თანახმად მერაბიშვილი მთავარ პროკურორთან შესახვედრად და მასზე ზეწოლის მოსახდენად საპატიმროდან მალულად გამოიყვანეს. სასამართლომ საქართველოს ხელისუფლება მერაბიშვილის წინასწარ პატიმრობაში ყოფნის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რიგი ნორმების დარღვევაში დაადანაშაულა, მათ შორის მე-18 მუხლის, რომელიც კრძალავს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვას სხვა მიზნებისთვის. ეს გადაწყვეტილება საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდ პალატაში გასული წლის ოქტომბერში გაასაჩივრა.