თათრეთის ავიაკომპანია UVT Aero ქართულ ბაზარზე შემოსვლას გეგმავს. როგორც რუსული მედია წერს, UVT Aero-მ როსავიაციას საქართველოს მიმართულების ფრენების განხორციელებისთვის შესაბამისი განაცხადით უკვე მიმართა. მას შემდეგ რაც რუსეთის საავიაციო ხელისუფლება UVT Aero-ს ნებართვას მისცემს, ავიაკომპანიას დაგეგმილი აქვს რეისები ყაზანიდან, უფადან და დონის როსტოვიდან თბილისის მიმართულებით, ყაზანიდან და უფადან ქუთაისის, ხოლო ყაზანიდან, სამარადან, უფადან, კრასნოდარიდან, დონის როსტოვიდან, სანკტ-პეტერბურგიდან და პერმიდან ბათუმის მიმართულებით განახორციელოს.
UVT Aero ამ დროისათვის შიდა რეისებს ასრულებს, თუმცა მალე საერთაშორისო რეისების განხორციელების ნებართვის მოპოვების იმედი აქვს.
ნავარაუდევია, რომ პერმიდან ბათუმის მიმართულებით ფრენების განხორციელება უკვე 2018 წლის ზაფხულის განრიგში ჩაჯდება. აღნიშნული მიმართულებით ავიაკომპანია კვირაში ორ რეისს Bombardier CRJ-200-ის განახორციელებს, რომელსაც 50 მგზავრის გადაყვანა შეუძლია. UVT Aero-ს მენეჯმენტი დარწმუნებულია, რომ ამ მიმართულებაზე საკმაოდ მაღალი მოთხოვნა იქნება.
იმავე აზრზე არიან ექსპერტები და ტურისტული სააგენტოების ხელმძღვანელები, რომლებიც აცხადებენ, რომ საქართველო 2016-2017 წლებში საკმაოდ აქტიურ და მოდურ მიმართულებად ითვლებოდა.
„ბათუმში არის ზღვა და ზაფხულში ბათუმიდან თბილისში ჩასვლა საკმაოდ მარტივია. თუმცა მთავარია, რომ ავიაბილეთების ფასი იყოს ადეკვატური. ეკატერინბურგიდან ფრენები (ორი გზა) 14 ათასი რუბლი ღირს და კარგი იქნება თუ პერმიდანაც ხელსაყრელი ტარიფები დაწესდება. საქართველოში საცხოვრებელი ძვირი არ არის და პლუს უგემრიელესი კერძები, მთები და ზღვა“, აცხადებს „მოგზაურთა ბუტიკის“ ხელმძღვანელი ოლგა შვეცოვა.
ცნობისათვის UVT Aero-ს 2015 წელს რეისები შესრულებული აქვს ყირიმის მიმართულებით და სწორედ ამიტომ კომპანია უკრაინის მიერ „შავ სიაშია“ შეყვანილი. სწორედ ამიტომ შესაძლოა ევროკავშირმა ავიაკომპანია საერთაშორისო რეისებზე არ დაუშვას.