გენერალური აუდიტორმა ირაკლი მექვაბიშვილმა მსოფლიო ბანკის დელეგაცია მიიღო, რომელსაც სამხრეთ კავკასიაში IBRD-IDA პროგრამის ლიდერი და წამყვანი ეკონომისტი, ჟენევიევ ბოიღო ხელმძღვანელობდა.
შეხვედრაზე განიხილეს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის -„სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტის განვითარება“, ძირითადი მიმართულებები და სამომავლო გეგმები.
ირაკლი მექვაბიშვილის შეფასებით, ამ მიმართულებით მსოფლიო ბანკის მხარდაჭერას სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
მსოფლიო ბანკსა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს შორის ხელშეკრულება პროექტზე „სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტის განვითარება“ 2017 წლის თებერვალში გაფორმდა. პროექტი სამ კომპონენტს მოიცავს: სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტისათვის საჭირო ინფორმაციული სისტემის დანერგვა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის IT აუდიტორების შესაძლებლობების განვითარება და პროექტის მართვა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ გენერალური აუდიტორის მოადგილეები - ეკატერინე ღაზაძე და დავით გოგიჩაიშვილი. აგრეთვე სახელმწიფო ბიუჯეტის ანალიზისა და სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსი მარიკა ნაცვლიშვილი.
შეხვედრაზე ისაუბრეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანალიტიკური ვებპლატფორმა - „ბიუჯეტის მონიტორის“ შესახებ, რომელმაც WSA-ს საერთაშორისო ციფრული ინოვაციების ჯილდო მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ „ბიუჯეტის მონიტორი“ შეიქმნა მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტის - „აუდიტის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდის” ფარგლებში.