ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის წამყვანმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Wizz Air -მა დღეს განაცხადა, რომ, კონკურენტული შერჩევის პროცესის შედეგად, კომპანიამ Airbus-თან ერთად ხელი მოაწერა თანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც დამატებით 146 Airbus-ის ტიპის A320neo ( 72 A320neo და74 A321neo ) თვითმფრინავის შესყიდვას უკავშირდება.
თვითმფრინავებით მომარაგება 2022 წელს დაიწყება და დასრულდება 2025-2026 წლებისთვის, მას შემდეგ, რაც Wizz Air-ს 2015 წელს შეკვეთილი 110 Airbas A321neo მიეწოდება. თანამშრომლობის მემორანდუმის გათვალისწინებით, Wizz Air-ს აქვს უფლება, კომპანიის სამომავლო საჭიროებების გათვალისწინებით, A320neo თვითმფრინავები A321neo თვითმფრინავებით ჩაანაცვლოს და პირიქით.
ამჟამინდელი მონაცემების მიხედვით, Airbus-ის გარკვეული ფასდაკლებების გათვალისწინებით, დამატებითი თვითმფრინავების საფასური 17.2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. შეკვეთის დასრულება Wizz Air-ის აქციონერების საბოლოო გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.
"Airbus-მა უზრუნველყო თვითმფრინავების საუკეთესო ნაკრებით, ხარჯების ეფექტურობით, მხარდაჭერითა და კარგი ფასით. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ Airbus A320neo და A321neo თვითმფრინავები მნიშვნელოვანი სიახლე იქნება Wizz Air-თვის, რადგან ჩვენ ვაგრძელებთ ინდუსტრიის წამყვანი მაჩვენებლის ზრდას და ვაფართოებთ ჩვენს ბაზარს როგორც ევროპის მასშტაბით, ასევე მის ფარგლებს გარეთაც.თანამედროვე ტექნოლოგიის თვითმფრინავი საშუალებას მოგვცემს, გავაგრძელოთ ჩვენი საოპერაციო ხარჯების შემცირება და მიგვიყვანს მიზნამდე, რაც Wizz Air-ის ევროპის წამყვან დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიად გარდაქმნას გულისხმობს. კომპანია გააგრძელებს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საჰაერო მგზავრობაზე მოთხოვნის სტიმულირებას მომხმარებლებისთვის ყველაზე დაბალი ტარიფების, პარალელურად კი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ფლოტის მიერ საუკეთესო სამგზავრო გამოცდილების შეთავაზების ხარჯზე", ამბობს Wizz Air-ის აღმასრულებელი დირექტორი ჯოზეფ ვადია.
თუ აღნიშნულ სიახლეს Wizz Air-ის აქციონერების გადაწყვეტილებაც დაადასტურებს, კომპანია უზრუნველყოფილი იქნება 282 Airbus თვითმფრინავით. მათ შორის არის 8 Airbus A320ceo და 18 Airbus A321ceo თვითმფრინავი, რომელთა მიწოდებაც 2019 წლის დასაწყისში დასრულდება. 110 Airbus A321neo თვითმფრინავის მიწოდების დაწყებაც გათვალისწინებულია 2019 წლისთვის, საბოლოო მომარაგება კი 2024 წლის დასასრულს.