„გოგა ონიანი საკანში მარტო არის, რაც მის მდგომარეობას ამძიმებს“, - განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენს“ საპყრობილიდან გამოსვლიშ შემდეგ, მსჯავრდებულ გიორგი ონიანის ადვოკატმა, მალხაზ ველიჯანაშვილმა.
როგორც ადვოკატი აცხადებს, ონიანი თვლის რომ ის პოლიტიკური პატიმარია.
„მომავალ გეგმებზე, გასაჩივრების პროცედურაზე და ასეთ საკითხებზე ვისაუბრეთ. მისი პოზიცია ურყევია, ის მიიჩნევს, რომ პოლიტიკური პატიმარია, რადგან საქმეში რეალურად არანაირი მტკიცებულება არსებობდა. პირველ რიგში, ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას ვგეგმავთ, თუმცა, სააპელაციო სასამართლოს იმედი არ გვაქვს. ვცდილობთ, ამ უკანონო დანაშაულის შესახებ ფართო საზოგადოებას აქტიურად გავაგებინოთ. ვგულისხმობ, საერთაშორისო ორგანიზაციებს და ინსტიტუტებს“, - აღნიშნა ველიჯანაშვილმა.
ადვოკატის განმარტებით, ონიანისთვის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი მოულოდნელი იყო.
„მისთვის ეს ყველაფერი ემოციურად ძალიან მძიმე იყო, ასეთ გადაწყვეტილებას მართლა არ ელოდა. მას სასამართლოს იმედი ჰქონდა, ფიქრობდა, რომ კანონიერ გადაწყვეტილებას მიიღებდა. სამწუხაროდ, ონიანი შეცდა, სასამართლომ დიდი ალბათობით ზეწოლას ვერ გაუძლო და გადაწყვეტილება ზეწოლით მიიღო.
ონიანი საკმაოდ ცუდად არის, თავისუფლების მოყვარული ადამიანი ჩაკეტილ სივრცეში როგორ უნდა იყოს? არც ტელევიზორი აქვს და არც სხვა საშუალებები, მხოლოდ ადვოკატთან კომუნიკაციის საშუალება აქვს“, - განაცხადა ველიჯანაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, გიორგი ონიანს სასამართლომ 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გიორგი ონიანს ბრალი რამდენიმე მუხლით ჰქონდა წაყენებული, მათ შორის უკანონო დაკავების, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის ბრალდებით.