ბათუმის არჩეული მერი ლაშა კომახიძე მერის რანგში მუშაობას ოფიციალურად 13 ნოემბრიდან შეუდგება.
ლაშა კომახიძე ბათუმის მერიაში ორშაბათს დილით მოვა და მოქმედი მერი გიორგი ერმაკოვი მერის პორტფელს ოფიციალურად გადააბარებს.
21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ლაშა კომახიძემ ხმების 55,95 პროცენტი დააგროვა.
ლაშა კომახიძე ბათუმის მერის არჩევნებში მონაწილეობამდე აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტს იკავებდა.
ლაშა კომახიძეს საკმაოდ მრავალფეროვანი კარიერული გამოცდილება აქვს. ის 1997-2000 წლებში მუშაობდა სააქციო საზოგადოება „საზღვაო ბანკში“ ანალიტიკური განყოფილების სპეციალისტად, შემდეგ კი საინვესტიციო განყოფილების უფროსად;
2001-2003 წლებში იყო აჭარის ა/რ უზენაესი საბჭოში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის თანაშემწედ, ეკონომიკური საბჭოს მდივნად და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხაზინის უფროსად;
2004-200 წლებში მუშაობდა კერძო სექტორში მენეჯერად სამშენებლო მასალების იმპორტსა და სამშენებლო მასალების წარმოების კუთხით;
2008-2016 წლებში გაეროს განვითარების პროგრამის აჭარის პროექტების ხელმძღვანელად მუშაობდა;
2013-2016 წლებში ენპარდ 1-ის (ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის) აჭარის რეგიონში ხელმძღვანელად;
2016 წელს ენპარდ 2-ის ფარგლებში აჭარაში სოფლის განვითარების ხელშეწყობის პროექტების მენეჯერი იყო;
იმავე წლის 18 ივლისიდან დაინიშნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრად.