ქვეყანაში ნარკოპოლიტიკა შესაცვლელია, მაგრამ ეს სისტემურად უნდა განვიხილოთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ნარკოპოლიტიკის დეკრიმინალიზაციის რეფორმა მისაღები იქნება თუ შესაბამისი თანხები იქნება გამოყოფილი. მისი თქმით, ამ ეტაპზე რეფორმას ფინანსური დასაბუთება თან არ სდევს.
"ქვეყანაში ნარკოპოლიტიკა შესაცვლელია, მაგრამ ეს სისტემურად უნდა განვიხილოთ. უკიდეგანოდ ლიბერალიზმი და ლეგალიზაციის ტოლფასი დეკრიმინალიზაცია მიუღებელი და საფრთხის შემცველია. უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ნარკოპოლიტიკა ეხება არა მხოლოდ ნარკომოხმარებლებს, არამედ ეხება მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც ნარკოტიკს არ მოიხმარს. ასევე აუცილებელია შესაბამისი ფინანსები იყოს რეფორმის განსახორციელებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა მივიღოთ უარესი შედეგი. პოლიტიკური ნება არსებობს იმისა, რომ ქვეყანაში უნდა შეიცვალოს ნარკოპოლიტიკა. ნარკომომხმარებელი არ უნდა ჩავსვათ ციხეში, მაგრამ ეს უნდა იყოს სისტემურად განხილული, უნდა იყოს შესაბამისი ალტერნატიული სერვისები. ალტერნატიული სერვისები არის რეფორმის მნიშვნელოვანი ნაწილი, მაგრამ სერვისებს სჭირდება შესაბამისი თანხები. ეს რეფორმა მისაღები იქნება იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი თანხები იქნება გამოყოფილი. უფულოდ განხორციელებული ამ ტიპის დეკრიმინალიზაცია საფრთხეა",- განაცხადა ხუნდაძემ.