თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალადობის მსხვერპლი ლესბოსელი გოგონას მშობლებს შვილთან მიახლოების უფლება სამი თვით აუკრძალა.
როგორც მსხვერპლის ადვოკატი ნინო ბოლქვაძე აღნიშნავს, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა ოჯახში შვილის სექსუალური ორიენტაციის გაგების შემდეგ დაიწყო. მისი ინფორმაციით, ლესბოსელი გოგო, რომელიც უკვე სრულწლოვანია და რამდენიმე თვეა თავშესაფარში ცხოვრობს, იძულებული გახდა მეორედ მიემართა სასამართლოსთვის.
სააპელაციო სასამართლოსგან ის საქალაქო სასამართლოს ერთი თვის წინ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვდა, რომლითაც მშობლების მიმართ დამცავი ორდერის გამოცემაზე უარი ეთქვა. სააპელაციომ მოსარჩელის მოთხოვნა დააკმაყოფილა. მშობლებს შვილთან მიახლოების უფლება ისევ არ ექნებათ, გოგონა კი თავშესაფარში დარჩენას კიდევ სამი თვით შეძლებს.
დღევანდელ პროცესზე მოწმის სახით, სასამართლომ მსხვერპლის მეგობარი გოგოც დაკითხა. ის თავადაც განიცდის ოჯახისგან ზეწოლას, თუმცა მუშაობის დაწყება და მშობლებისგან დამოუკიდებლად ცხოვრება შეძლო.
მსხვერპლის ადვოკატის ინფორმაციით, დღევანდელი გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
„დღევანდელი დღის კარგი მხარე არის ის, რომ მოძალადე მხარე წამოვიდა მოლაპარაკებაზე. მიხვდნენ, რომ შეიძლება სამუდამოდ დაკარგონ შვილი და ამიტომ შეიძლება სამომავლოდ ეს ურთიერთობა შენარჩუნდეს, თუ ოჯახის წევრები მიიღებენ შვილს ისეთს, როგორიც ის არის“, – განუცხადა ადვოკატმა საზოგადოებრივ მაუწყებელს.