პროკურორი ლაშა ფანცულიძე ადასტურებს, რომ დახურული სხდომის ოქმები, რომელიც ირაკლი ფირცხალავასთვის გადასაცემად ე.წ. მატროსოვის ციხეში დატოვა, დალუქული არ იყო. როგორც პროკურორი აღნიშნავს, ვინაიდან მტკიცებულებები პენიტენციულ დაწესებულებაში ჩაბარდა, პროკურატურას შესაბამისი გარანტიები ჰქონდა, რომ დახურულო სხდომის ოქმი არაუფლებამოსილ პირთან არ მოხვდებოდა.
სხდომის ოქმი პროკურატურამ სასამართლოდან, მოწმე ირაკლი მამალაძეზე ზემოქმედების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოითხოვა. გარდა ამისა, როგორც პროკურორმა განმარტა, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ფირცხალავასთავის გადასაცემად მან 5 დისკი მიიტანა.
"ამ დისკებიდან ორი იყო გამოძიების ეტაპზე მოწმე ირაკლი მამალაძის გამოკითხვა, 2 იყო იმ სასამართლო სხდომის ოქმი, სადაც ირაკლი ფირცხალავა ჩვენების მიცემაზე უარს ამბობს და მხოლოდ ერთი, მეხუთე დისკია 2017 წლის 1 აგვისტოს სასამართლო სხდომის ოქმი, ე.წ. ციანიდის საქმეზე და სადაც ჩაწერილია თავად ბრალდებულის ჩვენება. სახელმწიფო ბრალდება ვალდებულია კანონმდებლობის თანახმად დაცვის მხარეს მტკიცებულებები გადასცეს, რაც ჩვენ გავაკეთეთ", - განაცხადა ლაშა ფანჩულიძემ.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე ირაკლი ფირცხალავამ განაცხადა, რომ ე.წ. ციანიდის საქმის დახურული სხდომის ოქმები არაუფლებამოსილი პირების ხელში მოხვდა. როგორც ფირცხალავამ აღნიშნა, მას ციხეში მიუტანეს სასამართლოს სხდომის ოქმები, რომელმაც ციხის თანამშრომლების ხელში გაიარა. ფირცხალავას თქმით, ოქმების გასაჯაროვებისთვის პროკურატურა დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებს და ჟურნალისტებს გამოკითხვაზე დაატარებენ, რეალურად კი პროკურურორები არაუფლებამოსილ პირებს აძლევენ დახურულ ოქმებს.