სახალხო დამცველის აპარატი ეთანხმება ინიციატივას, რომ სახალხო დამცველის ანგარიში პარლამენტს წელიწადში ერთხელ წარედგინოს. ამის შესახებ განცხადება დღეს პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა თინა გველესიანმა გააკეთა, სადაც "სახალხო დამცველის შესახებ" კანონში ცვლილებების შეტანის პროექტში მეორე მოსმენით განიხილეს.
კანონპროექტის თანახმად, სახალხო დამცევლი პარლამენტს ანგარიშს წელიწადში ერთხელ წარუდგენს. დღეს მოქმედი კანონმდებლობით კი ანგარიშის წარდგენა ხდება წელიწადში ორჯერ.
საპარალმენტო ოპოზიციის ნაწილი ამ ცვლილებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება და საკითხის განხილვისას გამართულ დებატებზე მოითხოვეს აღნიშნულთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატის პოზიცია დაფიქსირებულიყო.
სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სახალხო დამცევლის აპარატი მხარს უჭერს სწორედ ანგარიშის წელიწადში ერთხელ წარდგენას, რადგან მისი განმარტებით,
"ანგარიში მარტო ფაქტებს კი არ შეიცავს არამედ მასში ფაქტები და სიტუაციაა გააანალიზებული და იგი ერთგვარ ანალიტიკასაც წარმოადგენს".
გველესიანის თქმით, ანგარიშზე მუშაობა დიდ ენერგიას და დიდ დროს მოითხოვს და შესაბამისად უფრო შედეგიანი იქნება, რომ ანგარიში პარლამენტს წარედგინოს წელიწადში ერთხელ. პარალელურად კი აქცენტი გაკეთდეს სპეცანგარიშების მომზადებაზე.
აღსანიშნავია ისიც, რომ გველესიანის თქმით, სახალხო დამცველის აპარატი ამზადებს ორ სპეცანგარიშს და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს უახლოეს პერიოდში წარუდგენს. ამ ანგარიშებიდან ერთი შეეხება სასჯელთაღსრულების დაწესებულებებში ჯანდაცვის საკითხებს, მეორე კი დევნილების უფლებათა დაცვის საკითხებს.