საქართველოსა და ესტონეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ორგანიზებით, 2017 წლის 1 ნოემბერს, 11:00 საათზე თბილისში, სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ საქართველო-ესტონეთის ბიზნეს-ფორუმი გაიმართება. ღონისძიებაზე სიტყვით საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი გამოვლენ.
ღონისძიების პირველ ნაწილში ესტონური ბიზნეს-დელეგაციისთვის საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ პრეზენტაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია გააკეთებს, ესტონეთის საინვესტიციო პოტენციალს კი ქართულ კომპანიებს ესტონეთის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი კადრი სიმსონი გააცნობს. ბიზნესფორუმის მოდერატორი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი იქნება.
ესტონეთის ბიზნეს-დელეგაცია საქართველოს ესტონეთის პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში სტუმრობს. მათი ინტერესის საგანს შემდეგი სფეროები წარმოადგენს: იურიდიული კომპანიები, უძრავი ქონება, თავდაცვა, არქიტექტურა, მშენებლობა, ავეჯის წარმოება, კვების მრეწველობა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, გადაზიდვის მოწყობილობები, ტურიზმი, ბიზნესის საკონსულტაციო სექტორი, ენერგეტიკა, ტელევიზია/გასართობი გადაცემები.
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შეთავაზების საფუძველზე ბიზნესფორუმზე 100-ზე მეტი ქართული კომპანია დარეგისტრირდა. დაგეგმილია ბიზნესის ორმხრივი შეხვედრები, სადაც ქართულ კომპანიებს საშუალება ექნებათ პოტენციურ ბიზნეს-პარტნიორებს გაესაუბრონ და მათთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელონ. ესტონეთის ბიზნეს-დელეგაცია 29 წევრისგან შედგება, რომლებიც მსხვილ ესტონურ კომპანიებს წარმოადგენენ.
აღსანიშნავია, რომ 2017 წელს საქართველო და ესტონეთი დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს აღნიშნავენ.
2017 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემების შესაბამისად, საქართველოსა და ესტონეთს შორის სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა 6%-ით და განისაზღვრა 7,29 მლნ. აშშ დოლარით.
2016 წლის მონაცემებით, ესტონეთიდან საქართველოში შემოვიდა 18,66 მლნ. აშშ დოლარის ინვესტიცია რაც 52%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე.
იზრდება ტურისტების რაოდენობაც. 2017 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, ესტონელი ვიზიტორების რაოდენობა 40%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით