საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში საკოორდინაციო მექანიზმი შეიქმნება, რომელიც დუალური განათლების მიწოდების პროცესში მედიატორის როლს შეასრულებს. ამის შესახებ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა დღეს პროფესიული განათლების ყოველწლიური კონფერეციის ფარგლებში ისაუბრა. ამ ინიციატივით საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა წარმატებული გერმანული მოდელის პილოტირებას განახორციელებს, რომლის მიხედვითაც კერძო სექტორს, პროფესიულ სასწავლებლებსა და სტუდენტებს შორის კოორდინატორის როლს სავაჭრო პალატები ასრულებენ. პალატაში საკოორდინაციო მექანიზმის შექმნის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ასევე დუალური განათლების პოპულარიზაცია იქნება.
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საბჭოში ამ ეტაპზე გაერთიანებულია 36 მსხვილი ბიზნეს-ასოციაცია. მათ შორის არიან ისეთი დარგის ბიზნეს-გაერთიანებებიც, რომლებიც ყველაზე მეტად განიცდიან პროფესიული კადრების დეფიციტს. წარმატებული გერმანული მოდელის დასანერგად საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა აქტიურად გაივლის კონსულტაციებს ბიზნეს-სექტორთან და საკოორდინაციო მექანიზმის ძირითად სტრატეგიას სწორედ კონსულტაციების შედეგად შეიმუშავებს.
კონფერენციის ფარგლებში ნინო ჩიქოვანმა პროფესიული განათლების კუთხით საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ განხორციელებულ სხვა პროექტებზეც ისაუბრა. მათ შორის მიუნხენისა და ზემო ბავარიის სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ დაფინანსებულ პროექტზე, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა მრავალი აქტივობა პროფესიული განათლების მიმართულებით, მათ შორის „საქართველოს რკინიგზის“ ტრეინინგ ცენტრისთვის კომპანიის ტრენერების გადამზადება.