2018 წლისთვის აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ბიუჯეტი 9 მლნ 764 ათას 800 ლარი იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალ წელს აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან უწყების დაფინანსებისთვის 2 მლნ 317 ათას 200 ლარით მეტი დაიხარჯება.
როგორც 2018 წლის აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტშია აღნიშნული, 2017 წლისთვის დეპარტამენტში მომუშავეთა რაოდენობა 42 ადამიანს შეადგენს, ხოლო 2018 წლისთვის მათი რაოდენობა 46-მდე გაიზრდება.
დეპარტამენტის ბიუჯეტის ზრდასთან ერთად იზრდება აჭარის ტურისტული მარკეტინგის დაფინანსება ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარებზე და 2018 წლისთვის აღნიშნული მიმართულებით 6 მლნ. 820 ათასი ლარსი დახარჯვა იგეგმება. ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, აღნიშნული თანხის უდიდესი ნაწილი 6 მლნ 320 ათასი ლარი საერთაშორისო ბაზრებზე რეგიონის, როგორც ტურისტული დანიშნულების ადგილის მარკეტინგისთვის დაიხარჯება, ხოლო დარჩენილი 500 ათასი ლარი კი ქვეყნის შიგნით რეგიონის ტურისტული პოტენციალის რეკლამირებისას მოხმარდება.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის 2018 წლისთვის გათვალისწინებული ბიუჯეტიდან 1 მლნ 370 ათას 300 ლარი რეგიონში ტურისტული პროდუქტებისა და სერვისების განვითარებისთვის დაიხარჯება, რაც 543 ათას 700 ლარით მეტია 2017 წლისთვის უკვე გათვალისწინებულ ბიუჯეტზე.
2018 წელს 218 ათას 700 ლარით მეტი დაიხარჯება ტურისტების სრულყოფილი ინფორმაციითა და ხარისხიანი მომსახურებით უზრუნველყოფისათვის. ამ მიმართულებით 2018 წლის ბიუჯეტში 667 ათას 800 ლარი იქნება ჩადებული, 2017 წლის ბიუჯეტიდან კი აღნიშნული მიმართულებით 449 ათას 100 ლარია გამოყოფილი.