საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი ირლანდიის რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარე დენის ო’დონოვანი მიიღო.
შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველო -ირლანდიას შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას, რომელიც როგორც სავაჭრო-ეკონომიკურ, ასევე ტურიზმის მიმართულებების გაძლიერებას ითვალისწინებს.
საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას.
ირლანდიელ სტუმარს გიორგი მარგველაშვილმა რუსეთის აგრესიული პოლიტიკის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარებისა და ბორდერიზაციის პროცესთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში ირლანდიის რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარე ადგილზე გაეცნობა ადმინისტრაციულ საზღვარზე, სოფელ ხურვალეთთან მავთულხლართების გავლების შედეგად შექმნილ ვითარებას და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან გამართავს შეხვედრას.
გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა სენატის თავმჯდომარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდამჭერი რეზოლუციისათვის, რომელიც ირლანდიის პარლამენტმა მიიღო.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე და პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში კახა კოჟორიძე.