ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარე, მდიდრული სასტუმრო Mardan Palace, რომლის მშენებლობაც 1 მლრდ დოლარზე მეტი დაჯდა, იყიდება. მიზეზი სასტუმროს სერიოზული ფინანსური კრიზისია.
გასული ტურისტული სეზონის შემდეგ კი სასტუმროს დავალიანება კიდევ უფრო გაიზარდა.
როგორც ცნობილია ანტალიის წყალმომარაგებისა და კანალიზაციის კომპანიამ (ASAT) სასტუმრო წყლის გარეშეც კი დატოვა, რადგანაც სასტუმრო კომპანიის წინაშე არსებული 2 მლნ ლირიანი დავალიანების დაფარვასაც კი ვერ ახერხებს.
არსებული ფინანსური პრობლემების ფონზე, სასტუმროდან ვალების ამოღებას სახელმწიფო სოციალური სამსახური (SGK) გაუძღვა, თუმცა ამაოდ.
სასტუმრომ რამდენიმე სეზონის განმავლობაში სახელმწიფო ფონდში 51 მლნ ლირის გადარიცხვა ვერ მოახერხა და შესაბამისად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სასტუმროს კუთვნილი სპორტული კომპლექსის გასხვისებაზე.
თურქული მედია წერს, რომ Mardan Stadyumu-ის, ორი საშუალო საფეხბურთო და ორი სავარჯიშო მოედნის მფლობელი მოგვიანებით გახდება ცნობილი, ანუ მას შემდეგ რაც აღნიშნულ ლოტზე ღია ვაჭრობა შედგება.
ასევე გასაყიდად გამოიტანენ სპორტული კომპლექსის გარშემო მდებარე სხვა ობიექტებსაც, საუბარია სპორტსმენებისათვის განკუთვნილ სასტუმროზე და ასევე საერთო საცხოვრებელზე, სადაც Mardan Palace-ის პერსონალი ცხოვრობს.
ყველა ობიექტის საწყისი ღირებულება 101 მლნ ლირას შეადგენს. იმის გამო, რომ სასტუმროს მენეჯმენტი პერსონალისთვის განკუთვნილ შენობას ყიდის, თურქული მედია უკვე წერს იმაზეც, რომ მომავალ წელს Mardan Palace აღარ გაიხსნება და სტუმრებს აღარ მიიღებს.