დეპუტატ ირაკლი ხახუბიას ვაჟის, ბექა ხახუბიას გარდაცვალებაში ბრალდებული სამართალდამცავების ადვოკატი, ნოდარ ცინცაძე „ჯი-ეიჩ-ენთან“ საუბარში აცხადებს, რომ შემთხვევის დღეს, სამართალდამცავებს ხახუბიასთვის გზა სრულად არ გადაუკეტავთ.
„გუშინ დაიკითხა ორი მოწმე, მათ შორის, ევაკუატორის მგზავრი, რომელიც შეჯახების ადგილზე იმყოფებოდა. ამ მოწმის ჩვენებით იკვეთება, რომ გზა სრულად გადაკეტილი არ ყოფილა. ამას გარდა, მისი ჩვენებიდან ჩანს, რომ გარდაცვლილი ძალიან დიდი სისწრაფით მოძრაობდა, ასევე, შეჯახება პირდაპირ „ტრაილერზე“ არ მომხდარა, რომელიც გზის მოძრაობის შესაზღუდად იყო გამოყენებული, არამედ ევაკუატორზე მოხდა, რომელიც სავალ ნაწილზე არ მდგარა.
მოწმის თქმით, „ტრაილერი“ გზაზე ისე იყო გადაყენებული, რომ ერთი მანქანის გასავლელი ადგილი დარჩენილი იყო. ის სავარაუდოდ ამბობს, რომ სწორედ ამ გასავლელისკენ წავიდა გარდაცვლილი და ამიტომაც შეეჯახა მათ მანქანას უკნიდან“, - აცხადებს ცინცაძე.
რაც შეეხება იმ ფაქტს, დააყენებს თუ არა დაცვის მხარე შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის დაკითხვის შუამდგომლობას, როგორც ადვოკატი აღნიშნავს, ამ ეტაპზე ამის საჭიროება არ იკვეთება.
„ამ ეტაპზე დაცვის მხარე რომელიმე მინისტრის, მათ შორის, შინაგან საქმეთა მინისტრის დაკითხვას, არ აპირებს და არ გეგმავს. დასაკითხია შინაგან საქმეთა სამინისტროს უამრავი თანამშრომელი. მაგალითად, საორგანიზაციო განყოფილების უფროსი, იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი და ა.შ. მათი დაკითხვა დაცვის მხარის მოთხოვნაა და ეს შუამდგომლობა დაკმაყოფილებულია. თუ მათი, ან რომელიმე პირის ჩვენებიდან გამოიკვეთება იმის აუცილებლლობა, რომ სხვა პირები დაიკითხონ, მათ შორის, შინაგან საქმეთა მინისტრი, რა თქმა უნდა, ამ შუამდგომლობას დავაყენებთ. ჯერ ამის საფუძველი არ გვაქვს“, - განაცხადა ნოდარ ცინცაძემ.
შემდეგი სასამართლო პროცესი პირველ ნოემბერსაა ჩანიშნული.
შეგახსენებთ, რომ ბექა ხახუბია 17 მაისს, გორის მაგისტრალზე, გვირაბთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას დაიღუპა, რა დროსაც მის დევნას და ჩასაფრებას საპატრულო პოლიცია ახორციელებდა.